ბარტომეუ: “ლა ლიგის დასკვნით ეტაპზე VAR-ის სისტემა შესაბამისად ვერ მუშაობდა”
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ VAR-ის სისტემა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“მიუხედავად იმისა, რომ 12 სეზონის პერიოდში ტიტული მეცხრედ ვერ მოვიგეთ, 11 გათამაშების განმავლობაში თასი რვაჯერ გვაქვს აღმართული, რაც უკვე არის სარეკორდო მაჩვენებელი. ახლა წინ უნდა ვიყუროთ.
“რეალის” სახით გვყავდა მეტოქე, რომელმაც გვაჯობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ VAR-ის სისტემა გათამაშების დასკვნით ეტაპზე შესაბამისად ვერ მუშაობდა. მსოფლიოს საუკეთესო ლიგა შესაბამისი დონის სისტემას იმსახურებს.
იმის თქმა არ მინდა, რომ VAR-ის სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში, ჩემპიონი “ბარსელონა” გახდებოდა. მსაჯები თავადვე დაკავდნენ თვითკრიტიკით. კარგია, რომ ისინი შეცდომებს აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ლიგა უკეთესი დონის VAR-ის სისტემას იმსახურებს”, – ციტირებს ბარტომეუს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.