ბეკენბაუერი: “ეს უსამართლობაა”
მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა “ოქროს ბურთის” შედეგებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
“სრულიად მოსალოდნელი შედეგებია. მეკარეებისთვის ყოველთვის უფრო რთულია ინდივიდუალური ჯილდოს მოგება. გულოშემატკივრებს გოლები მოსწონს და არა ის, თუ როგორ იგერიებს კიპერი ბურთებს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანი მიდგომაა. 2013 წელს ფრანკ რიბერიმ ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, რონალდუ კი ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ გამოკითხვაში ხმა მაინც პორტუგალიელს მისცეს. როგორც ჩანს, გუნდურ მიღწევებს ისეთი მნიშვნელობა აღარ ექცევა”, – ბეკენბაუერის სიტყვები “ევროსპორტის” პოლონურმა ბიურომ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა, რომელმაც ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.