ანჩელოტი: „პენალტი რომ დასანიშნი იყო, ეს მსაჯის გარდა ყველამ დაინახა“
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურის ცენტრალური მატჩი „ნოუ კამპზე“ გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა უნდიანო მალიენკომ ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა.
ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს მხედველობაში ჰქონდა ის მომენტი, როდესაც ხავიერ მასკერანომ საკუთარ საჯარიმოში კრიშტიანო რონალდუს უბიძგა.
„მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. თამაშს ვაკონტროლებდით და გოლის გასატანად რამდენიმე შანსიც გვქონდა. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, როცა მასკერანომ რონალდუს უბიძგა. ეს დარღვევა მთელმა მსოფლიომ დაინახა, მაგრამ არა – არბიტრმა. არ მინდა კომენტარი გავაკეთო კიდევ ერთ ეპიზოდზე, როდესაც ადრიანომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა. ასეთი მომენტები ყოველთვის მსაჯის შეხედულების მიხედვით ფასდება“, – ანჩელოტის სიტყვები „მარკამ“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი