ჩაბი ალონსო: „მოჩვენებითი ლიდერების არ მჯერა“ (ინტერვიუ)
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ბასკ ფეხბურთელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მართალია, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აცხადებენ, რომ მასთან ხელშეკრულება გახანგრძლივდება, თუმცა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას მხარეები არ ჩქარობენ. ჟურნალ „კლუბ დელ დეპორტისტას“ ჟურნალისტებმა საშობაო არდადეგებით დრო იხელთეს და ალონსოსთან ინტერვიუ ჩაწერეს, რომლის გარკვეულ მონაკვეთსაც Fanebi.Com-ი აქვე გთავაზობთ..
– განვლილი კარიერიდან რაიმე ცუდი მოგონება თუ გაქვთ?
– გულწრფელად გითხრათ, ცუდი მოგონებები არ მაქვს, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ ფეხბურთში არის დიდებისა და ღრმა მწუხარების დროები. მახსოვს, როდესაც „რეალ სოსიედადში“ ვთამაშობდი, ლა ლიგას მოგების შანსი მქონდა, თუმცა ტურნირის დასასრულს „სელტასთან“ დავმარცხდით და შანსი ხელიდან გავუშვით. მაშინ ძალიან მძიმე წუთები გვქონდა. ბოლო წლებიდან ამგვარ მომენტად „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპებიდან გამოვარდნას დავასახელებდი. ეს ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. სწორედ ამიტომაც გვაქვს წელს მიზნად დასახული, რომ ფინალში გავიდეთ და ცუდი მოგონებები უკან მოვიტოვოთ.
– ფეხბურთელების გარდა, თუ გყავთ სპორტსმენები, რომლებიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ?
– მიგელ ინდურაინის (ველორბოლა), მაიკლ ჯორდანის (კალათბურთი), რაფაელ ნადალის (ჩოგბურთი) და როჯერ ფედერერის (ჩოგბურთი) დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ სპორტსმენებს განსაკუთრებული ქარიზმა აქვთ და ამას არა მათ მიერ ნაჩვენები შედეგების გამო ვამბობ, არამედ მათი ქცევიდან გამომდინარე.
– თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ლიდერები არიან. როგორ ფიქრობ – ლიდერებად იბადებიან თუ ცხოვრების განმავლობაში ხდება ადამიანი ლიდერი?
– ჩემი აზრით, ლიდერებად იბადებიან. კი ბატონო, გამოცდილება და პრესტიჟი ნამდვილად დასაფასებელია, ეს ლიდერობას ხელს უწყობს, მაგრამ ბუნებრივად ლიდერობა უფრო ადვილია. ლიდერად დაბადებული ხალხის მჯერა და არა – მოჩვენებითი ლიდერების.
– ვისთან გაქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა „რეალში“ და ესპანეთის ნაკრებში?
– ალვარო არბელოას დიდი მეგობარი ვარ. მასთან ერთად კარიერის დიდი ნაწილი განვვლე: ერთად ვიყავით „ლივერპულში“ და ერთად ვართ „რეალშიც“, ასევე ორივენი ვთამაშობთ ესპანეთის ნაკრებში.
ბექა დოგრაშვილი