დელ ბოსკე: „გვინდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ყველას მივცეთ“
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თავის ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ ჩილესთან გასამართ მატჩს სერიოზულად მიუდგნენ. ცნობისთვის, შეხვედრა ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ხვალ, შვეიცარიაში შედგება. „ფურია როხას“ თავკაცი ამბობს, რომ წინა მატჩთან შედარებით, გუნდი გადასხვაფერებული შემადგენლობით ითამაშებს.
„ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებთან მომდევნო თვეში გასამართი მატჩებისთვის ყველა სათანადოდ მოემზადოს. გვინდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ყველას მივცეთ. თუ ჩილეს ნაკრებს სერიოზულად არ მივუდგებით, პრობლემები გვექნება. ჩვენი მეტოქე მაღალ დონეზე თამაშობს და ყოველთვის უტევს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელმაც ნაკრებისთვის ბევრი რამ გააკეთა და კიდევ გააკეთებს, თუმცა ეროვნული გუნდის კარს არავის ვუკეტავთ“, – დელ ბოსკეს სიტყვები AS-მა გამოაქვეყნა.
ამხანაგური მატჩი ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი