ეგვიპტელი არქეოლოგი: “მაპატიეთ, მაგრამ მესი იდიოტია”
ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ეგვიპტეს სტუმრობდა, სადაც საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელ ფეხბურთელს ცნობილი ეგვიპტელი არქეოლოგი ზაჰი ჰავასი შეხვდა, რომელმაც მოგვიანებით მესისთან შემდგარი ამ ხანმოკლე ურთიერთობის შესახებ არცთუ სასიამოვნო კომენტარი გააკეთა.
“მაპატიეთ, მაგრამ მესი უბრალოდ იდიოტია. მასთან ერთად პირამიდებთან ნახევარი საათი დავყავი. ვიფიქრე, მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ მას პირამიდების შესახებ ვესაუბრებოდი, რადგან მესის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს. საუბრის პროცესში მის სახეზე არავითარი ემოცია არ აღიბეჭდა. იგი ვერაფრით დავაინტერესე.
ამ საუბრის დროს მისთვის ყველაფერი უინტერესო იყო. მე მას პირამიდებისა და უძველესი დროის მონარქების შესახებ ვუყვებოდი, მაგრამ მესის არავითარი რეაქცია არ ჰქონდა, იდიოტივით იდგა. იგი ძალზედ თავაზიანად იქცეოდა, მაგრამ, ალბათ, ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებს”, – ციტირებს ზაჰი ჰავასის სიტყვებს “ასი”.
მოგვიანებით ეგვიპტელმა არქეოლოგმა შეურაცხმყოფელი ეპითეტის გამო მოიბოდიშა:
“მესისა და მის ფანებს ამ გაუგებრობისთვის ბოდიშს ვუხდი”.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ეგვიპტეში ყოფნის დროს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ინგლისურად ფრაზის – “მე მიყვარს ეგვიპტე” – თქმა იუარა.