ემერის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში “სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ანდალუსიელთა თავკაცმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.
– სამწვრთნელო კარიერაში “ბარსელონასთან” ზედიზედ 19-ჯერ არ მოგიგიათ. ხვალ შეეცდებით, ეს ტრადიცია დაარღვიოთ?
– ხვალინდელი მატჩი კიდევ ერთი შანსია ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის. “ბარსელონა” ფავორიტია, თუმცა ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები და გვინდა, რომ შანსები გამოვიყენოთ. ეს არამხოლოდ ხვალინდელ, არამედ სამომავლო მატჩებსაც ეხება.
– ადილ რამი დაშავებული იყო. როგორია მისი ფიზიკური მომზადება?
– თითოეულ დღეს, თითოეულ საათს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ პერიოდში. რამის ტრავმა ჰქონდა და ვნახოთ, ხვალ რას გვეტყვის ექიმი. ამ წუთას ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა რამი ხვალ.
– ნეიმარი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. არის თუ არა ეს საუკეთესო დრო “ბარსელონას” წინააღმდეგ სათამაშოდ?
– “ბარსელონა” დიდი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ლუის ენრიკეს თავკაცობის პერიოდს რაც შეეხება, მან კიდევ უფრო გააძლიერა გუნდი. “ბარსელონას” ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა წარმატების შემოქმედნი გამორჩეული მოთამაშეები არიან და მათ შორის მხოლოდ ნეიმარი არ მოიაზრება.
– ხვალ ქართველი გულშემატკივრეების უმრავლესობა “ბარსელონას” უქომაგებს. ეს ხომ არ დააკომპლექსებს თქვენს გუნდს?
– ჩვენ ძალიან გვინდა გამარჯვება, მაგრამ კონკრეტული ანგარიშის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და როგორც ყოველთვის, მოგებისთვის ვიბრძოლებთ.
– “ბარსელონასთან” გამართული ბოლო მატჩის მეორე ტაიმში მეტოქეს იმდენად აჯობეთ, რომ კატალონიელები თამაშის დასრულებას ნატრულობდნენ. ამაზე რას იტყვით?
– გვინდა, რომ ასევე ვითამაშოთ. გვინდა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს თვალებში ეტყობოდეთ თავდაჯერება. მეტოქე ბურთს დაეუფლება, თუმცა პრესინგზე ვითამაშებთ და შანსების გამოყენებას შევეცდებით. ჩვენ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს და ეს შეგვიძლია. ჯერ არ ვართ სასურველ სტადიაზე გადასულები, თუმცა საკმარისი ძალა გვაქვს მოსაგებად.
– “ბარსელონას” ნეიმარი დააკლდება. ტრავმების მხრივ რომელი გუნდია უკეთეს მდგომარეობაში?
– არ შეიძლება, რომ რაიმე წარუმატებლობა ფეხბურთელების არყოფნას დაბრალდეს. წარმატებას უნდა მივაღწიოთ იმ მოთამაშეებით, რომლებიც არიან ჩვენს განკარგულებაში. “ბარსას” არ აქვს ბევრი ნაკლი, ამიტომ ყველა შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საბოლოო ჯამში, ხვალ დავინახავთ, რა შეუძლია “ბარსელონას” და რა – “სევილიას”.
– “ბარსელონა” ძალიან ძლიერი გუნდია და “სევილიას” რაიმე სახის ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არ შეექმნება?
– ეს ფინალია, ასეთი დონის თამაში ყოველკვირეულად არ იმართება. მატჩს მაქსიმალურას პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და გამოგვივა თუ არა, ამას ხვალ ვნახავთ.
– პირველი გუნდი ხართ, რომელმაც ევროპის ლიგის მოგებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. რას იტყვით ამაზე?
– სამწვრთნელო თათბირზე ამის შესახებ რამდენიმე წლის წინათ ვისაუბრეთ. მაშინ გამოვთქვით აზრი, რომ ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურით დაჯილდოებულიყო. ვფიქრობ, კარგი ინიციატივაა, გუნდებს მოტივაცია გაეზრდებათ.