გერმანიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს
როგორც მოგეხსენებათ, ფილიპ ლამმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. შესაბამისად, გერმანიის ეროვნულ გუნდში ახალი კაპიტნის არჩევა გახდა საჭირო. “ბუნდესნაკრების” კაპიტნის სამკლავურს ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოირგებს.
30 წლის შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის თანაშემწედ ტომას შნაიდერი იმუშავებს, რომელიც მანამდე “შტუტგარტს” ედგა სათავეში.
“გუნდის კაპიტანი შვაინშტაიგერი იქნება. წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გასვლას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. მატს ჰუმელსი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საეჭვოა სამი ხედირას თამაშიც, ამიტომ გუნდში “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველ სებასტიან რუდის ვუხმეთ.
უახლოეს წლებში ნაკრებში სულ უფრო ხშირად გამოვიძახებთ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ერიკ დურმი და მათიას გინტერი. აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ ისეთ მოთამაშესთან მქონდა საუბარი, რომლებმაც მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხეს”, – განაცხადა ლიოვმა.
ცნობისთვის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდთა შორის გასამართი ამხანაგური მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.