“გრანადას” მეკარე: “ბარსას” დამარცხებისთვის, “რეალმა” შესაძლოა, პრემია მოგვცეს”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშება კულმინაციას უახლოვდება. ტურნირის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ჯერ კიდევ არაა გარკვეული, ვის დარჩება ოქროს მედლები — “ბარსელონას” თუ მადრიდის “რეალს”. 38-ე ტურში კატალონიური გუნდი “გრანადას” სტუმრობს, “რეალი” კი გასვლაზე “დეპორტივოს” ეთამაშება.
“გრანადას” კიპერმა ივან კელავამ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ “ბარსელონას” დამარცხების შემთხვევაში, “სამეფო კლუბისგან” პრემიალურ თანხას მიიღებს.
“იმის გამო, რომ პრიმერადივიზიონიდან გავარდნას გადავურჩით, ამ კვირაში რიგიანად არ გვივარჯიშია, თუმცა თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ სხვა გუნდის მიერ ფეხბურთელთა წახალისება აპრობირებული მეთოდია. აქედან გამომდინარე, “ბარსელონას” შეჩერებისთვის “რეალმა” შესაძლოა, პრემიალური თანხა მოგვცეს”, – ციტირებს კელავას სიტყვებს “ასი”.
ცნობისთვის, ასეთი სახის სტიმულირება ესპანეთში უკანონოდ ითვლება.