ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები მესის გამოსახულებით მორიგ ტერორისტულ აქტებს აანონსებენ
ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო ახალ გზავნილებს ავრცელებს, რომელიც საფეხბურთო თემატიკას ეხება.
ორგანიზაცია 2018 წლის რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი ტერორისტული აქტების მოწყობას აანონსებს და შემაძრწუნებელ პოსტერებს აქვეყნებს. ერთ-ერთ პოსტერზე ციხის გისოსებს მიღმა მყოფი ლიონელ მესი გახლავთ გამოსახული, რომელსაც თვალზე სისხლიანი ცრემლი აქვს. სხვა პოსტერზე კი ტერორისტია აღბეჭდილი, რომელიც მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონისკენაა მიმართული. სწორედ ამ არენაზე ჩატარდება ტურნირის ფინალური მატჩი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კალინინგრადი, სოჭი, როსტოვი, ვოლგოგრადი, სარანსკი, ნიჟნი ნოვგოროდი, ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი) 12 სტადიონზე ჩატარდება.