კუმანს სუარესი არ სჭირდება
“ბარსელონას” ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანსა და გუნდის ფორვარდ ლუის სუარესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
RAC1 იუწყება, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ურუგვაელ ფეხბურთელს ახალი კლუბის ძებნა ურჩია. ურუგვაელ თავდამსხმელს არც წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის დაწყების თარიღის შესახებ მიუღია რიამე შეტყობინება.
წყაროს თანახმად, “ბარსელონას” იურისტები უახლოეს მომავალში ლუის სუარესის აგენტს შეხვდებიან და კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებას გამართავენ. ცნობისათვის, მხარეებს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს. კუმანი ურუგვაელი თავდამსხმელის შემცვლელად “ლიონის” ნიდერლანდელი შემტევის, მემფის დეპაის კანდიდატურას განიხილავს.
ლუის სუარესი კატალონიურ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. მან 2019-2020 წლების სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, სულ კი კატალონიური გუნდის ფორმით 198 ბურთი აქვს გატანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუის სუარესის დაბრუნებით ამსტერდამის “აიაქსი” არის დაინტერესებული, რომლის ღირსებასაც ფეხბურთელი 2007-დან 2011 წლამდე იცავდა.