ლა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია
ესპანეთის სამეფოს მთავრობამ საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა.
“ესპანეთმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო და ახლა ყველას წინაშე ახალი ჰორიზონტი იხსნება. ბევრი ყოველდღიური აქტივობის განახლების დრო დადგა. ლა ლიგა 8 ივნისიდან დაბრუნება”, – თქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: “აღნიშნული გადაწყვეტილებით კმაყოფილნი ვართ. ეს კლუბების, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა მიერ გაწეული უდიდესი შრომის ნაყოფია, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია სანიტარული ნორმების დაცვა და პანდემიის გათვალისწინება. უსაფრთხოების ზომები არ უნდა შევამციროთ”.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება 27-ე ტურის შემდეგ არ ჩატარებულა. სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” ლიდერობს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება მადრიდის “რეალი”. მესამე ადგილზეა “სევილია, რომელიც ერთი ქულით უსწრებს მდევარ “სოსიედადსა” და “ხეტაფეს”.