ლა ლიგის კალენდრის შედგენაზე შეთანხმება ვერ ხერხდება
ლა ლიგის ადმინისტრაცია და ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სეზონის კალენდრის შედგენაზე ვერ თანხმდებიან. გათამაშება 11 სექტემბერს, პარასკევს, “გრანადასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის გასამართი შეხვედრით უნდა გაიხსნას.
ფედერაცია მატჩების პარასკევსა და ორშაბათს გამართვის წინააღმდეგ გამოდის. ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოში თვლიან, რომ გულშემატკივრებისთვის სამუშაო დღეებში სტადიონებზე სიარული არაკომფორტული იქნება. ლა ლიგის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ მატჩები მხოლოდ უქმეებზე არ უნდა ჩატარდეს.
ესპანეთში 2020-2021 წლების სეზონის საწყის ეტაპზე სტადიონებზე მაყურებლები არ დაიშვებიან, თუმცა ოქტომბრიდან გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლება მიეცემათ. ლა ლიგა გათამაშების საკუთარი განრიგით ჩატარების უფლებას ჯერჯერობით ინარჩუნებს, თუმცა პარასკევს ჩანიშნული მატჩის გამართვა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.