ლინეკერი ნეიმარის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ნეიმარი “ბარსელონადან” იბარგება, ფაქტს კი ცნობილი სახეები აფასებენ. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად ფეხბურთის ექსპერტი გარი ლინეკერი თვლის, რომ კატალონიური გუნდის დატოვება არასწორი გადაწყვეტილებაა.
“ოჰ, ნეიმარ! როდესაც “ბარსელონას” ტოვებ, მხოლოდ ერთი გზა გაქვს, გზა უკან”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლინეკერმა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში “პარი სენ-ჟერმენში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონ ევროს შეადგენს.
“სქაი სპორტსი” იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” ჯამაგირის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” 2013 წლიდან თამაშობს. მან კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 186 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 80 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.