ლუის ენრიკე: “სელტამ” სრულყოფილი მატჩი ჩაატარა”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურში “ბარსელონა” სტუმრად “სელტასთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში სამბურთიანი სხვაობით უკანასკნელად 2008 წელს დამარცხდა (“რეალთან” 1:4). “სელტამ” “ბარსელონა” 3 და მეტი ბურთის სხვაობით ბოლოს შორეულ 1957 წელს დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდი არაეფექტიანად მოქმედებდა.
“ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მივულოცოთ “სელტას”. მეტოქემ სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, ენერგიულად ვითამაშეთ, 6-7 მომენტი შევქმენით, თუმცა ეფექტიანობა გვაკლდა.
ამ შედეგმა უნდა დაგვანახოს, რომ წინ რთული სეზონია. თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა.