მესი “ბარსელონას” დატოვებას აპირებს
“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
“მარკას” ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად ისვენებდა. წყაროს თანახმად, მესიმ მამამისსა და კიდევ ერთ პირს სთხოვა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა, რომ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. ლეო მესი არც მოქმედი ხელშეკრულების ამოწურვამდე გამორიცხავს კლუბის დატოვებას.
“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ პირადად ცდილობს, მესის ამ განზრახვაზე ხელი ააღებინოს. მან არგენტინელ ფეხბურთელს სთხოვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს. გარდა ამისა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველას ახსენებს, რომ ლეო მესის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონ ევროს შეადგენს.