მესი “ბარსელონასთან” კონტრაქტს წყვეტს, კლუბი ინფორმაციას ადასტურებს
“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანური წყაროების თანახმად, არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ ამცნო. ხელშეკრულების თანახმად, მესის კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება 2020 წლის პირველ ივნისამდე ჰქონდა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსული პანდემიის გამო სეზონის დასრულების ვადა შეიცვალა და ახლა მესი ამ პუნქტის აქტივაციას გეგმავს.
Sportsnet-ი “ასოშეითედ პრესზე” დაყრდნობით ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მესის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება მიიღო. “ბლაუგრანა” არგენტინელი ფეხბურთელის შენარჩუნების იმედს ჯერჯერობით ინარჩუნებს.
ლეო მესის მიმართ ინტერესს ყველაზე აქტიურად მილანის “ინტერი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” იჩენენ.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. მას კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლი და 285 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.