მესიმ კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილესთან დამარცხების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.
ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ავრცელებს. მისი თქმით, მესის არ სურდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ მომხდარი განმეორებულიყო, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რასაც ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი კატეგორიულად არ დაეთანხმა.
“ცდილობდნენ, მესი დაერწმუნებინათ, რის გამოც დაჯილდოების ცერემონია 10 წუთით გადაიდო. ამ დროის განმავლობაში სტადიონზე ყველა გაოცებული იყო, რადგან მოედანზე არაფერი არ ხდებოდა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ტანკრედი პალმერიმ.
მესის უარის შემდეგ ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, წლევანდელი კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე არ დაჯილდოებულა.
კოპა ამერიკის ექვს მატჩში ლეო მესიმ ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.