მუნირს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების რიგებში თამაშის უფლება არ მისცეს
“ალავესის” თავდამსხმელ მუნირ ელ ჰადადის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების რიგებში თამაშის ნებართვა არ მისცეს. 22 წლის ფეხბურთელმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ფიფასა და ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მუნირს “ფურია როხას” რიგებში ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, მუნდიალზე მაროკოს ნაკრების რიგებში თამაშის უფლება არ მისცეს.
ფიფას წესების თანახმად, ერთი ნაკრებიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, საკარანტიო დრო ათი წელიწადია. მუნირმა ფიფას მაროკოს ნაკრებში თამაშის ნებართვის თხოვნით ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა, თუმცა ფეხბურთელმა უარი ამავე მიზეზის გამო მიიღო. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მუნირის აპელაცია დაჩქარებულ ვადებში განიხილა, რათა გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მიეღოთ.
შეგახსენებთ, რომ მუნირ ელ ჰადადიმ ესპანეთის ეროვნული გუნდის რიგებში 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ 2014 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაში ითამაშა.