ნეიმარმა მესის გამოსამშვიდობებელ წერილს უპასუხა
ნეიმარი “ბარსელონას” ტოვებს და თანაგუნდელებს საჯაროდ ემშვიდობება.
ჯერ ლიონელ მესიმ გამოაქვეყნა ნეიმართან გამოსამშვიდობებელი წერილი და ემოციური ვიდეოც დაურთო. არც ბრაზილიელმა დაახანა და არგენტინელს ამგვარად უპასუხა:
“მადლობა, ძმაო. მომენატრები”.
ამრიგად, ნეიმარი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ “ბარსელონას” დატოვებს.
საინტერესოა, რომ კატალონიური გუნდიდან ნეიმარის აბარგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ არგენტინელს ასახელებდნენ. კერძოდ, თუ ბრაზილიელი “ბარსელონაში” დარჩებოდა, მუდმივად მესის ჩრდილში იქნებოდა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში “პარი სენ-ჟერმენში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონ ევროს შეადგენს.
“სქაი სპორტსი” იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” ჯამაგირის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” 2013 წლიდან თამაშობს. მან კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 186 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 80 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.