ნოიერი: “არ ველოდი, რომ წლის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელებდნენ”
როგორც მოგახსენეთ, გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელეს. 28 წლის კიპერი გამოტყდა, არ მეგონა, რომ ამ წოდებას მე მარგუნებდნენო.
“ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია. გულწრფელად ვამბობ, ძალიან გამიკვირდა. პატიოსნად გეუბნებით, არ ველოდი, თუმც მესმის , რომ საკმაოდ კარგი მატჩები ჩავატარე. ამ ჯილდოს მოპოვებამ ძალზედ გამახარა. წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და ეს პრიზი სასიამოვნო დანამატია”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისი გავიდა, მესამე პოზიცია კი “ბაიერნის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა დაიკავა. წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი დაასახელეს.