ოქსანა კალაშნიკოვა: “საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე”
ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 30 წლის სპორტსმენი წერს, რომ მან საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში საჩივრის შეტანა გადაწყვიტა, რადგან საქართველოში პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
“გადავწყვიტე, ვცადო და საჩივარი შევიტანო სპორტულ არბიტრაჟში (CAS), რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ, მაგრამ ამ არაპროფესიონალიზმსა და შეცდომაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს”, – აცხადებს კალაშნიკოვა.
როგორც იცით, 17 ივლისს კალაშნიკოვამ განაცხადა, რომ მას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა შეეძლო, მაგრამ საქართველოდან განაცხადი არ გააგზავნეს.
ამის შემდეგ, განცხადება ჯერ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა, რომელმაც ირიბად თითი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისაკენ გაიშვირა, სეოკ-მა კი პირიქით, ჩოგბურთის ფედერაცია დაადანაშაულა.