ბუდუ ზივზივაძის უხერხული მაკრატელა და მძიმე დაცემა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატში წარმატებული პერიოდის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ მძიმე ტრავმა მიიღო.

ბუდუმ გასულ ტურში პანენკა ააცილა, ამჯერად, მაკრატელას დარტყმა სცადა, თუმცა მოედანზე ძალიან უხერხულად დაეცა და ტვინის შერყევაც მიიღო.

“უიპეშტმა” 2-1 წააგო, თუმცა ლიგაში დარჩენა ქართველი დუეტის (ბერიძე, ზივზივაძე) წყალობით მოახერხა.

დიდი ფული არსაიდან – 10 მილიონიანი ტუზი, რომელიც ბათუმის “დინამოს” დაეცა!

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა ყაზანის “რუბინიდან” წასვლის თაობაზე, როგორც იქნა, დასრულდა და ქართველი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს.

“რუბინმა” კვარაცხელიას კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა და კვარა დროებით ბათუმის “დინამოში” თამაშობს.

“დინამოში” გადმოსვლაში დიდი როლი სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა, მამუკა ჯუღელმა და არჩილ ბერიძემ ითამაშეს.

კვლავაც უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე თანხას “რუბინი” “ნაპოლისგან” გადახდილი 10 მილიონი ევროდან, რამდენი ერგება აგენტს და სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ ფაქტია, “დინამო” სულ მცირე რამდენიმე მილიონ ევროს გამომუშავებას შეძლებს და ეს ყველაფერი, პრაქტიკულად არსაიდან.

ხვიჩა თბილისის “დინამოს” აღზრდილია, შემდეგ “რუსთავსა” და მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა და ბათუმთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, იტალიაში წასვლამდე სწორედ აჭარაში გადასვლა გადაწყდა და ეს დიდ ფინანსურ სარგებელს ნიშნავს.

“დინამოს” სხვა ფეხბურთელებით, მათ შორის – აზაროვით, ჩაბრაძეთი, ჯოვინოთი, ალთუნაშვილითა და მამუჩაშვილით ევროპული კლუბები ინტერესდებიან.

გვარდიოლას ზაფხულში ულიმიტო ბიუჯეტი ექნება, რადგან ნავთობის ფასი იმატებს

ბრიტანული გამოცემების მიხედვით, “მანჩესტერ სიტის” ზაფხულში ტრანსფერების განსახორციელებლად პრაქტიკულად ულიმიტო ბიუჯეტი ექნება და გუნდს სულ მცირე, 300 მილიონ ევროს გამოუყოფს ემირატელი შეიხი მანსური.

მანსური კვლავ ენდობა გვარდიოლას, არ აპირებს მის გათავისუფლებას და პირიქით, მეტ თანხას აძლევს.

ტრანსფერების სიაში პირველი ერლინგ ჰალანდი წერია, რომელიც, წესით, 100 მილიონზე ნაკლები არ უნდა დაჯდეს.

“ქალაქელებმა”, შესაძლოა, ახალი მეკარეც დაიმატონ.

ულიმიტო ბიუჯეტი მსოფლიოში გაზრდილი ნავთობის ფასების დამსახურებაა.

 

რა გააკეთა კარლო ანჩელოტიმ, რაც გუშინდელ მატჩში ყველას გამორჩა?

კარლო ანჩელოტიმ “მანჩესტერ სიტისთან” საოცარი ქამბექი დადო და პეპ გვარდიოლას პირადი დუელიც მოუგო.

ანჩელოტიმ კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო მოედნიდან 75-ე წუთისთვის გაიყვანა და მისმა შეცვლებმა გაამართლა – როდრიგომ 2 ბურთი შეაგდო.

როგორც ტონი კროოსი აღნიშნავს, დამატებით დროში ანჩელოტი გამოცდილ ფეხბურთელებს, მათ შორის, მას და მარსელოს რჩევებს ეკითხებოდა, თუ ვინ შეეყვანა მოედანზე. შემდეგ ამის ვიდეოც გავრცელდა.

“სწორედ ეს გამოარჩევს მას ყველა სხვა მწვრთნელისგან” – ტონი.

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 1 მილიონით შემცირდა

გერმანულმა Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ყველაზე ძვირად ღირებულ ხვიჩა კვარაცხელიას 1 მილიონი ევრო დააკლდა.

ხვიჩა 16 ღირდა და ახლა 15 მილიონად არის შეფასებული, 2021 წლის 2 ივნისს კი 18-იც იყო.

ზურიკო დავითაშვილი 2.5 მილიონიდან 2-ზე ჩამოვიდა.

ირაკლი აზაროვი 200 ათასი ევროთი გაძვირდა, ხუთეულში კი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელების გარდა უკრაინიდან დაბრუნებული სოლომონ კვირკველია მოხვდა. მისი ღირებულაც 500 ათასი ევროთი შემცირდა.

 

კურიოზული სკანდალი ბულგარეთში: დროის გაყვანის ყველაზე უნიჭო მცდელობა (ვიდეო)

კომიკური ისტორია განვითარდა ბულგარეთის მესამე დივიზიონში “ბალკანსა” და “ბელასნიცას” შორის გამართულ მატჩში. შეხვედრის კომპენსირებულ წუთებზე, როდესაც მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 2:1 იყო, “ბალკანის” ფეხბურთელებმა დროის გაყვანა მოინდომეს. ერთ-ერთმა მოთამაშემ ტრავმის სიმულაციას მიმართა და მოედნიდან გასაყვანად საკაცე მოითხოვა. შესაბამისმა თანამშრომლებმა საკაცეზე დაწვენილი ფეხბურთელის გაყვანა დიდი გაჭირვებით სცადეს და ერთ-ერთ მომენტში, სავარაუდოდ, შეგნებულად გადმოაგდეს კიდეც. ამ აშკარა დროის გაყვანამ მეტოქე გუნდის წარმომადგენლები გააღიზიანა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, დაშავებული ფეხბურთელი გააძევეს და კინაღამ გალახეს კიდეც.

ლევან კობიაშვილი: “ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე უხდება ფეხბურთს”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “დინამოების” მატჩის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

განვლილი ტურების მანძილზე, ჩვენი ჩემპიონატის მატჩებმა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი ლიგის მასშტაბით სტადიონზე მოსულ თითოეულ ქომაგს, მსგავსი ატმოსფერო და დამოკიდებულება არის, ის რაც დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ თქვენი მხარდაჭერა ქმნის იმ დაუვიწყარ საფეხბურთო სანახაობას, რაც ასე ძალიან გვსიამოვნებს.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მისულ ადამიანებს. დაიცვან წესრიგი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის უსაფრთხოებას. ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე ძალიან უხდება ქართულ სტადიონებს და ზოგადად ჩვენ ჩემპიონატს.

კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ ქალაქში, საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან ამხნევებს” – კობი.

შეხვედრა 0-0 დასრულდა, თუმცა გულშემატკივარმა დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა.

“რეალის” ფანებმა, რომლებმაც თამაში ადრე დატოვეს, სერიოზულად ინანეს (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” 90 წუთისთვის “მანჩესტერ სიტისთან 1-0 მარცხდებოდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ 1%-იანი შანსი ჰქონდა.

90-ე წუთზე როდრიგომ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 91-ე წუთზე მე-2 გოლიც შეაგდო. დამატებით დროში კი ბენზემამ საბოლოო წერტილი დასვა.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, თუ რა ხდებოდა ამ დროს სანტიაგო ბერნაბეუს გარე ტერიტორიაზე და იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მატჩი ნაადრევად დატოვეს, რათა საცობისთვის თავი აერიდებინათ და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ვერ ნახეს.

“სამუდამოდ უნდა აუკრძალონ “რეალის” თამაშების ყურება”

“წარმოიდგინე 1-0-ზე მიდიხარ, გესმის ღრიალი და “რეალის” ჰიმნი ორჯერ, თუმცა უკან ვერ ბრუნდები”

“არასოდეს არ დატოვო ადრე”

 

გვარდიოლა: “იცი, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ…”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მისმა გუნდმა თამაშზე კონტროლი მხოლოდ ბოლო წუთებში დაკარგა.

“თამაშს ვაკონტროლებდით, კარგად ვითამაშეთ და კარგი მომენტებიც გვქონდა. მართალია, მეტოქეც ქმნიდა საფრთხეებს. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. პირველი ტაიმი ჩვენთვის უფრო რთული გამოდგა, მეორე ნახევარში კი მოვუმატეთ, თუმცა ბოლოს თამაშზე კონტროლი დავკარგეთ.

ასეთი რამ სპორტში ხდება ხოლმე. იცი, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ… პენალტის შემდეგ ყველაფერი დასრულდა”, – განაცხადა გვარდიოლამ.

რა მიწერა მესიმ აგუეროს “რეალის” მე-3 გოლის შემდეგ?

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდამ სერხიო აგუერომ თავის პირდაპირ ეთერში ლეო მესის მიერ მიწერილი მესიჯი გაახმოვანა.

“ეს ხუმრობაა, ეს უბრალოდ არ არის შესაძლებელი”  – გაოცებული ლეოს მესიჯი აგუეროს.

“რეალმა” ზუსტად 2 წუთში 2 გოლი გაიტანა, შემდეგ ბენზემამ დამატბით დროში პენალტიდან შეაგდო და მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწიეს.

“ვალენსიას” ფანები უკვე ძალიან შიშობენ – ესპანური გრანდი მამარდაში 20 მილიონს იხდის

ბოლო 2 დღეა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანელი ფანები აქტიურად განიხილავენ და მას “ვილიარეალის” მეკარეს, ხერონიმო რულის ადარებენ.

რულის მიერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ნაკლებად დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვილიარეალი” გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ მზად არის 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ის თანხა, რაც ქართველს კონტრაქტში აქვს მითითებული.

“რომ ვთქვა, რომ მამარდაშვილი ხერონიმო რულიზე უკეთესია, უცნაური ნამდვილად არ იქნება” – წერს ერთ-ერთი ფანი, რომლის პოსტსაც 400-ზე მეტი მოწონება აქვს.

“ვალენსია” უნდა დაჯდეს ხვალვე მამარდაშვილთან ერთად, გაზარდოს მისი გამოსასყიდი თანხა და გაუზარდოს ხელფასი. მე ამას ვიზამდი” – “ვალენსიას” ფანი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის სანაცვლოდ 15 მილიონს ერთ-ერთ ინგლისური გუნდიც იხდიდა. ამის საპირისპიროდ, “ღამურების” ხელმძღვანელობას სურს გამოსასყიდი წელსვე 50 მილიონამდე გაიზარდოს. ამავდროულად, კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს და სილესენის გაყიდვას აქტიურად ცდილობს.

დიბალა და “ინტერი” შეთანხმდნენ

ტურინის “იუვენტუსის” შემტევი პაულო დიბალა კარიერას, სავარაუდოდ, მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და “ნერაძური” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. წყაროს ცნობით, დიბალა “ინტერთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მას ხელფასის სახით წლიურად ექვსი მილიონი ევრო მიეცემა, რასაც ბონუსებიც დაემატება. გარდა ამისა, კლუბი დიბალას ჰპირდება, რომ სიმონე ინძაგის ფორმაციის გუნდში ის მთავარი ფიგურა იქნება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას “იუვენტუსთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.