ბორის ჯონსონი: “კარგი იქნება, თუ ევრო-2028-ს უკრაინა უმასპინძლებს”

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უეფას 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას უკრაინაში სთავაზობს. ჯონსონი თვლის, რომ ტურნირის მასპინძლობაზე რუსეთის მიერ განაცხადის გაკეთება არანორმალურია და უმჯობესი იქნება, თუ ჩემპიონატს უკრაინა მიიღებს.

“იმაზე ფიქრიც კი, რომ რუსეთს რაიმე სახის საფეხბურთო თუ კულტურული ღონისძიების მასპინძლობა სურს, სატირის ფორმას სცდება. არა მგონია, რომ მათი განაცხადი ვინმემ სერიოზულად განიხილოს. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ რუსული სამხედრო ძალები უკრაინას სასწრაფო წესით დატოვებენ და ევრო-2028-ის მასპინძლობის უფლება უკრაინას მიენიჭება”, – ციტირებს ჯონსონის სიტყვებს “გარდიანი”.

ევრო-2028-ის მასპინძლობაზე უეფაში სამი განაცხადია შეტანილი: დიდი ბრიტანეთი- ირლანდია, რუსეთი, თურქეთი. უეფა დაკმაყოფილებულ განაცხადებს 5 აპრილს გამოაცხადებს, ხოლო ტურნირის მასპინძელი 2023 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი.

კაკაბაძე-კვეკვესკირი: “ყველა ერთა ლიგისთვის ვემზადებით”

ხვალ 23:45 წუთზე საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ოთარ კაკაბაძემ და ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთეს.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “ყველა ერთა ლიგისთვის ვემზადებით, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდები კარგად არის შერჩეული. დაახლოებით ისეთი დონის გუნდები არიან, რომლებსაც ჯგუფში უნდა დავუპირისპირდეთ. რთული თამაში გველოდება, რაც ბევრ რამეს დაგვანახებს”.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.

მნიშვნელოვანი, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი”.

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.

“იუვენტუსი” ფინანსურ თაღლითობაშია ბრალდებული, ჩატარებულია ჩხრეკა

ტურინის “იუვენტუსი” ფინანსური თაღლითობაშია ბრალდებული. გამოცემა “სტამპას” თანახმად, დღეს, გამოძიების ფარგლებში იტალიის სამ ქალაქში ჩხრეკა ჩატარდა.

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ, მაგისტრატი მოსამართლეების ბრძანებით, ტურინის, მილანისა და რომის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველები “იუვენტუსსა” და ცალკეულ ფეხბურთელებს (მათ შორის კრიშტიანუ რონალდუს) შორის გაფორმებულ სახელფასო და საბონუსე კონტრაქტებს ეძებდნენ. ეს იყო კორონავირუსის კრიზისის გამო არსებული ოთხთვიანი ხელშეკრულებები, რომლის მეშვეობითაც კლუბმა ბუღალტრული ბალანსი გაასწორა.

შესაძლო თაღლითობაზე გამოძიება გასული წლის დეკემბრეში დაიწყო. სავარაუდოდ, დოკუმენტაცია არა “იუვენტუსის” ოფისში, არამედ ტურინში, მილანსა და რომში, იურისტებთან ინახებოდა. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, კონტრაქტები ფიზიკურად უკვე განადგურებულიც იყოს.

“პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს” – ვახო სანაია კვარაცხელიას

ტელე-ჟურნალისტი ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინიდან” წამოსვლა-არწამოსვლას ეხმაურება.

“გითხარით, შიგნიდან ანგრევს-მეთქი რუბინს და არ გჯერათ. პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს” – წერს სანაია და აქვეყნებს “რუბინის” მიერ დამონტაჟებულ ფოტოს, სადაც შემდეგი რამ წერია: “მორჩით წერას რომ სადმე მივდივარ”

ჯერჯერობით, უცნობია გადავა თუ არა კვარაცხელია ბათუმში.

“რუბინი” ასე მხოლოდ კვარას ექცევა – რა ხდება საერთოდ?

გუშინ ბათუმის “დინამოს” ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ბუნდოვანი ფოტო გამოაქვეყნა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ფეხბურთელი კარიერას ბათუმში გააგრძელებდა.

მოგვიანებით, “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “ხვიჩას და ზურიკოს გადმოსვლის დადასტურების საფუძველი არ აქვს”.

შემდეგ საქმეში კვლავ “რუბინი” ერთვება და რუსეთში უკვე დაბლოკილ Facebook-ზე თბილისის დროით 3 საათზე გარეკანზე კვარაცხელიას ფოტოს აყენებენ.

Twitter-ზე კი ხვიჩას ზაფხულის ფოტოზე შემდეგ წარწერას ამონტაჟებენ: “გეყოთ წერა, რომ სადმე მივდივარ”

რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, “რუბინს” მსგავსი რამ არცერთ ფეხბურთელზე, მათ შორის, არც კაპიტანზე არ გაუკეთებია. გუნდიდან დრეიერი, ჰაკსაბანოვიჩი, ურემოვიჩი წავიდნენ, თუმცა ყაზანელები ასე არავის გაჰყოლიან.

ხვალ მოთამაშე საქართველოს ნაკრების რიგებში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება და იმედია, რამეს მაინც მიგვახვედრებს.

“რუბინის” პროვოკაცია? – ყაზანური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს

ბოლო დროის განმავლობაში არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინს” დატოვებს და მას მალე ახალ გუნდში ვიხილავთ.

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უდიდესი ალბათობით, ის, მინიმუმ ზაფხულამდე, საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის “დინამოში” ითამაშებდა. თუმცა, გუშინ ეს ინფორმაცია “რუბინმა” უარყო.

საქართველოს დროით, 24 მარტს, 03:00 საათზე “რუბინმა” სოციალურ ქსელ Facebook-ში გარეკანის ფოტო შეცვალა, ახალ ფოტოზე კი ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. რას უნდა ნიშნავდეს რუსული კლუბის ეს ჟესტი – პროვოკაციაა თუ მართლაც ის ამბავია, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდს ჯერ არ შეიცვლის?

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან გასამართი მატჩებისათვის ემზადება.

რომან აბრამოვიჩი ახალ გუნდს ყიდულობს

ლონდონის “ჩელსის” მფლობელი და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქულ გუნდ “გიოზთეფეს” ყიდულობს.

აბრამოვიჩი ლონდონიდან წამოსვლის შემდეგ ისრაელმა და პორტუგალიამ არ მიიღო და თურქეთში წავიდა, სადაც თავისი ორი უმდიდრესი იახტაც გადაიყვანა.

Daily-ს ცნობით, რომანს ჯერ კიდევ არ აქვს გაყიდული “ჩელსი”, თუმცა “გიოზთეფეს” პრეზიდენტ მეჰმეთ სეპილს აქტიურად ელაპარაკება და ფასზე რიგდებიან.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა აბრამოვიჩი სანქცირებულთა სიიდან ამოეღო, რადგან მილიარდერს შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში.

როგორც ჩანს, აბრამოვიჩს სურს “ჩელსის” გაყიდვის შემდეგ კლუბი ჰქონდეს, რომელსაც ეპატრონება.

“გიოზთეფე” თურქეთის სუპერლიგაში გამოდის და 27 ქულით გასავარდნ ზონაშია.

ფიფიასა და ჯუღელის დაპირისპირება – რატომ წავიდნენ ბიჭები ბათუმში?

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პროფესიონალური გუნდი “დინამო თბილისი” იყო. ორივე “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2017 წლის სექტემბერში ჰქონდათ, თუმცა ზურიკომ თავი გულშემატკივარს “ლოკომოტივიდან” დაამახსოვრა, ხვიჩა კი “რუსთავში” გამოირჩა.

ორივე მათგანი “დინამოში” ვერ დააფასეს, ვერ დაინახეს, დღეს კი ნაკრების ლიდერები არიან.

გარდა იმისა, რომ კვარას და ზურიკოს თბილისში დაფასება არ ჰქონდათ, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას კარგი დამოკიდებულება არც მამუკა ჯუღელთან აქვს. რას ამბობს ჯუღელი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციასთან მიცემულ ინტერვიუში:

“ფიფიას ჩემზე არც კარგი უთქვამს და არც – ცუდი. თუმცა არ მესმის, რატომ უნდა დავაბრუნო დინამოში ფეხბურთელი, რომელიც მათ არ დააფასეს და გამოუშვეს? იგივე გუგა ფალავანდიშვილი, რომელმაც დილაში საოცარი სეზონი ჩაატარა. გიორგი პაპავა რატომ წავიყვანე კვიპროსზე, ნეა სალამისში? დინამოში მითხრეს, არ ვარგაო. თუ არ ვარგა, აი, გამოჩნდა. შესაძლოა, კონკურენტები რომ ვართ, იმიტომ არ ჰქონდეს ჩემთან კარგი დამოკიდებულება. ისე კი, მე და ფიფიას საერთო საქმიანი მეგობრები გვყავს რუსეთში. ამასთან, დინამოს რომ კარგი სელექცია აქვს, ამაზე ორი აზრი არაა. რვა-ცხრა ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებშიც დიდ პოტენციალს ვხედავ: თუნდაც ოთარ კაკაბაძე. და რომ ამბობენ, დილას თამაშებს რატომ ესწრება და სტადიონზე რატომ მიდის ჯუღელიო, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ თბილისის დინამოს თამაშებს უფრო ხშირად ვესწრებოდი ამ სეზონში”, – ამბობს ჯუღელი ჟურნალისტ ილია ნანობაშვილთან.

1 წლის წინ ჯუღელმა ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეზე და სპორტულ დირექტორზე ლადო დვალიშვილზე “სპორტალთან” თქვა, რომ საქმიანი კაცები არიან და ლოგიკურად აზროვნებენ.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის “დინამოში” ითამაშებენ და დიდი ალბათობით, კლუბს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან.

“ტოტენჰემი” არველაძის მთავარ ფეხბურთელში 20 მილიონს იხდის

ინგლისური მედია ბოლო დროს აქტიურად წერს “ჰალ სიტის” 21 წლის მთავარ ვარსკვლავზე, კინ ლუიზ-პოტერზე, რომელიც ინგლისის 21-წლამდე გუნდშიც გამოიძახეს.

თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის მოსვლის გამო, გუნდმა უარი განაცხადა ფეხბურთელის 10 მილიონად გაყიდვაზე, დღეს კი მისი სატრანსფერო ფასი უკვე 20 მილიონ ფუნტზე ავიდა.

Mailsport-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემი” და “ვესტ ჰემი” მზად არიან პოტერში ამდენი გადაიხადონ და “სიტისთან” მოლაპარაკებას აწარმოებენ. კონტრაქტი 2023 წლამდე არის გაფორმებული.

მაშინ, როცა არველაძე ახალი სეზონისთვის გაძლიერებას ითხოვს, მისთვის კინის წასვლა დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ თუ მიღებულ თანხას კლუბის გაძლიერებისთვის გამოიყენებენ, შოთას შეეძლება 2-3 სოლიდური მოთამაშე დაიმატოს.

ლუიზ-პოტერი “ჰალის” აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა.

 

იარმოლენკო: “არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი. როგორ შეიძლება მათ ნორმალურები ვუწოდოთ?”

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” გარემარბმა ანდრეი იარმოლენკომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

32 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა რუს ხალხზე, რომელთა უმეტესობა საკუთარი აგრესორი ქვეყნისა და პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერს ან მათ კრიტიკას თავს არიდებს.

“ჩემი აზრით, ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილი გენოციდია. უკრაინელი ხალხი იხოცება. ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს და ქალებს – ეს საშინელებაა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.

როგორ შეიძლება ჯარისკაცი უწოდო მას, ვინც ბავშვებსა და ქალებს ტყვიას ესვრის? არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი… როცა უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და შენ ამ დროს ქვეყანაში [რუსეთში] კონცერტს მართავ… როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ნორმალურები ვუწოდოთ?

მე არ ვამბობ, რომ რუსეთში ყველა ადამიანი ცუდია. ვიცნობ ბევრს, ვისაც გააზრებული აქვს, რა ხდება ახლა. თუმცა, ვინც ჩუმადაა, ხმას არ იღებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მას არ შეეხება, ისიც ჩვეულებრივი დამნაშავეა.

დრო ყველაფერს გამოაშკარავებს და ღმერთი ყველაფერს განსჯის. იყვნენ რუსები, რომლებსაც ველაპარაკე და მათ საერთო რეაქციაც კი არ ჰქონიათ. რუსი ფეხბურთელები, ვარსკვლავები, მომღერლები, სპორტსმენები – ყველანი ჩუმად არიან. ვინც ამბობს, რომ ეს ომი არ არის, ჩემთვის ყველა მკვდარია”, – განაცხადა იარმოლენკომ.

ხვიჩამ შეკრებაზე მამარდას მაგარი ბურთი შეუგდო, ზურიკოც თემაშია (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სარაევოში ვარჯიშის პირველ ვიდეოს აქვეყნებს. შეკრებაზე იმყოფებიან რუსეთიდან წამოსულები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. გუნდს მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი აკლია, რომელიც სამხრეთ კორეიდან სარაევოში დღეს ჩაფრინდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდია შანსი, კვარამ და ზურიკომ კარიერა ზაფხულამდე ბათუმის “დინამოში” გააგრძელონ.

“თუ რამე გინდა, იცი, სადაც უნდა მნახო” – ილია თოფურიამ პიმბლეტს მისამართი მისცა (ვიდეო)

19 მარტს, ილია თორუფიამ ლონდონში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ბრიტანელი ჯეი ჰერბერტი ნოკაუტით დაამარცხა, რის შემდეგაც პედი პიმბლეტი გამოიწვია.

ილიასა და პიმბლეტს შორის დაძაბულობა ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში დაიწყო, გასულ კვირაში კი ქართველი მას სასტუმროში შეხვდა, სადაც ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. თავად პიმბლეტმა ილიას საწინააღმდეგო განცხადება არაერთხელ გააკეთა.

19 მარტს მოგებული ბრძოლის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ეტყოდა იგი პიმბლეტს: “ჰეი, პედი. მე ისევ იმ სასტუმროში ვარ, ოთახი – 602. იცი, სადაც ვარ. ერთ ადგილას მოგსვამ. და, თუ რამე გინდა, იცი, სადაც ვარ.”