“გია, სად იყო ეს ბიჭი აქამდე?” – ბათუმის დაკარგული ფეხბურთელი საუკეთესოა!

ბათუმის “დინამომ” ეროვნული ლიგის მე-2 ტურში თბილისის “დინამო” 3-0 გაანადგურა. დუბლი ჯოვინომ შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ბიძინაშვილმა დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოვინოს გოლებთან ერთად ასისტიც ჰქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი იყო, რომელიც ალთუნაშვილთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრს აკონტროლებდა.

“ეს ბიჭი სად იყო აქამდე?”, “ფალავანდიშვილი იყო უბრალოდ გენიალური, ეგ, ალთუნა და ბიძინაშვილი ყველაზე მაღალი საფეხბურთო IQ-ით არიან”, “7 თვე გუგას გვიმალავდით?”, “დილაში” ყველაზე მაგარი იყო და რა გასაკვირია, აქაც რომ ასეა” – წერდა ბათუმელი გულშემატკივარი ფალავანდიშვილზე.

“დინამომ” ფეხბურთელი 2021 წლის აგვისტოში დაიმატა, მაგრამ თურქულ შეკრებამდე გუნდში არ გამოჩენილა, ახლა კი ნელ-ნელა “დინამოს” შეუცვლელი წევრი ხდება.

ფოტო: ბათუმის დინამო

 

ბათუმის “დინამომ” თავდამსხმელი “სიონში” გაუშვა

ბათუმის “დინამომ” 20 წლის თავდამსხმელი დავით ზურაბიანი იჯარით ბოლნისის “სიონში” გაუშვა.

ზურაბიანს ბათუმში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, თბილისის “დინამოში” კი 1. თბილისიდან ბათუმში ფეხბურთელის გადასვლა მეტი სათამაშო პრაქტიკით იყო ნაკარნახები, მაგრამ თურქეთში შეკრების გავლის შემდეგ “სიონში” გადასვლა გადაწყდა.

დავითი 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

“ამ ქმედების გამო ტიმოშჩუკი უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა აღარ არის”

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ბერგამოს “ატალანტას” ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ კომენტარი გააკეთა ანატოლი ტიმუშჩუკზე, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფონზე სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” სამწვრთნელო შტაბი ამ დრომდე არ დაუტოვებია.

“მე ვთვლი, რომ რუსული კლუბების დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო. ანდრეი ვორონინი ნამდვილი ოდესელივითა და ქვეყნის პატრიოტივით მოიქცა. მან უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა. ვიცი, რაოდენ ძლიერად უყვარს მას ოდესა.

რაც შეეხება ტიმოშჩუკს, თავად მას ჰკითხეთ. კომენტარის გაკეთება რთულია, მისი ქმედება მაკვირვებს. მის პოზიციას ვერ ავხსნი, თუმცა ვთვლი, რომ არასწორად იქცევა. ზუსტად ვიცი, რომ ის უკრაინული ფეხბურთის ლეგენდად აღარ ითვლება. ამ ქმედების გამო მისი ყველა დამსახურება დავიწყებულია”, – აღნიშნა მალინოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ზენიტი” უკრაინელმა მცველმა იაროსლავ რაკიცკიმ დატოვა. ტიმოშჩუკს ბოლო მოვლენებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ ერთმა კლუბმა დატოვა

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ მილანის “ინტერს” აქვს დატოვებული.

წყაროს თანახმად, სუპერლიგასა და იტალიურ კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება “ინტერს” განსაკუთრებულ შემთხვევაში პროექტის დატოვების უფლებას აძლევდა. “ინტერი” სუპერლიგის დამაარსებელი 12 კლუბიდან ერთადერთია, რომელსაც ამგვარი შესაძლებლობა გააჩნდა. “ნერაძურის” ეს უფლება მისი არასტაბილური ფინანსური მდგომარეობისა და შესაძლო გაყიდვის გამო მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 19 აპრილს 12-მა კლუბმა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”) სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოაცხადეს. ფანების პროტესტისა და უეფასგან სანქციების მუქარის შემდეგ პროექტი შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბების უმეტესობამ ტურნირზე საჯაროდ უარი თქვა, ისინი ოფიციალურად რჩებიან პროექტის მონაწილე წევრებად.

მამარდაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეიძლება, ხვალ ვერ ითამაშოს

“ვალენსიას” 21 წლის ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ტონზილიტის (ნუშისებრი ჯირკვლის ანთება, ანგინა) გამო დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია და შესაძლოა, ხვალ ვერ ითამაშოს.

ესპანური PlazaDeportivo-ს ინფორმაციით, მამარდაშვილს ანთება სერიოზული არ არის, მაგრამ  მის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას “გრანდასთან” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

არადა, კოპა დელ რეის ნახევარფინალში გიორგიმ “ბილბაოს” წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს.

დაზუსტებული ინფორმაცია გიორგის თამაშის შესახებ ხვალ გავრცელდება.

უკრაინაში მებრძოლ გიორგი ზანთარაიას დახმარება სჭირდება

გერმანიის ბუნდესლიგის ძიუდოისტთა კლუბი “აბენსბერგი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გერმანელ მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვს.

როგორც გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული, უკრაინაში მყოფ ქართველ გიორგი ზანთარაიას დახმარება სჭირდება.

“ჩვენ გიორგის დახმარება სჭირდება, მაგრამ ყველაზე მეტად წამლები, მყარი საჭმელი, ჰიგიენური ნივთები, პლედები/საძილე ტომრები, ქურთუკები, ფეხსაცმელები, ბავშვების ტანსაცმელები და სათამაშოებია საჭირო. გთხოვთ, დახმარების მსურველებს ნივთები ყუთში შეფუთული მოიტანოთ. ყველა მხარდაჭერს 26 მარტს დაგეგმილ მატჩზე უფასოდ შეეძლებათ შესვლა”, – წერს “აბენსბერგის” კლუბი.

რამდენიმე დღის წინ ზანთარაიამ სოციალურ ქსელში ავტომატის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი მიმართვით: “კიევში ვარ და ბოლომდე ვიქნები”

თუ უკრაინაში მყოფთა დახმარების სურვილი თქვენც გაქვთ, შეგიძლიათ თბილისის მერიას ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართოთ, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნიან.

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის “შახტარის” ერთ-ერთი მწვრთნელი მოკლეს

დონეცკის “შახტარის” აღმასრულებელი დირექტორის სერჰი პალკინის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ტყვიას “შახტარის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ემსხვერპლა.

“გუშინ ჩვენი ერთ-ერთი მწვრთნელი მოკვდა რუსის ტყვიით. თქვენი შიში რუსებო პუტინს ყოველდღე ამის საშუალებას აძლევს. სპორტში შიში ის გრძნობაა, რომელსაც გამარჯვების შანსი ნულამდე დაყავს. თქვენი შიშის გამოხატულება უკრაინაში დანგრეული ქალაქებია, თქვენი შიშის გამო ათასობით უდანაშაულო ადამიანი კვდება, თქვენი შიშია მიზეზი ბავშვების სიკვდილისა და მილიონობით დევნილის”, – დაწერა პალკინმა.

მანამდე, რუსმა ოკუპანტებმა 2 ფეხბურთელი, 21 წლის ივან საპილო და 25 წლის დმიტრი მარტინენკო დედასთან ერთად მოკლეს.

ფოტოზე: დირექტორი პალკინი

“კარიერა უკრაინაში დაიწყე, მილიონობით ადამიანი გიყურებდა, ახლა კი შენ დუმხარ”

UFC-ის უკრაინელმა მებრძოლმა იგორ პოტიერიამ დაუმარცხებელ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა, რომელსაც უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჯერ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.

“მილიონობით ადამიანი გიყურებდა და ცდილობდა, შენნაირი ყოფილიყო. ძალიან ბევრ სავარჯიშო დარბაზში მისაბაძი ადამიანი შენ იყავი. შენი კარიერა უკრაინაში დაიწყე. ძალიან ბევრი ისაუბრე სიამაყეზე და რწმენაზე და ყველას ესაუბრე, როცა შენ ავტობუსს დაესხნენ თავს. ახლა კი შენ დუმხარ”.

ხაბიბი რამზან კადიროვთან და პუტინთან დაახლოებული პირია.

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოლაპარაკებებში ესპანური კლუბის მფლობელი ხოსე ანტონიო კერეხეტა პირადადაა ჩართული.

როგორც იცით, შენგელია ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და მოსკოველებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა კალათბურთელმა რუსეთის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა.

ცსკა-ში აცხადებენ, რომ 30 წლის კალათბურთელს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუწყვეტია და მან გუნდი პირადი მიზეზების გამო დროებით დატოვა.

თორნიკე “ბასკონიას” ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა.

ოფიციალურად: თბილისის გრანდ სლემი გადაიდო

25-27 მარტს თბილისის გრანდ სლემი უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

გრანდ სლემზე 20-მდე ქვეყანა იყო დარეგისტრირებული, თუმცა ორგანიზატორების გათვლებით, ომის გამო ბევრმა მათგანმა, შესაძლოა, ჩამოსვლა ვერ მოახერხოს.

ახალ თარიღად 3-5 ივნისი შეირჩა.

რუსს ფანებში უკვე დიდი შიში და ქაოსია – “მას უკვე ჩვენთან თამაში აღარ სურს”

დღეს ყაზანის “რუბინმა” რუსეთის თასზე “როტორი” 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო, ყვითელი მიიღო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

განაცხადში არ ყოფილა დანიელი შემტევი ანდრეს დრეიერი (რომლის სანაცვლოდ 2021 წლის აგვისტოში “რუბინმა” 7 მილიონი გადაიხადა – რედ) რამაც რუს ფანებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

“სად არის დრეიერი”? “დრეიერს ჩვენთან თამაში უკვე აღარ სურს”, “დრეიერს რა დაემართა?” და მსგავსი კომენტარები მრავლად იყო.

გარდა დრეიერისა, ტელეგრამის ჯგუფებში აქტიურად იწერება, რომ წასვლა ხვისაც უნდა და მას ზურიკო დავითაშვილიც მიყვება.

“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუშინ განაცხადა, რომ დანიელს ტრავმა აქვს და ყაზანში იმყოფება, მიუხედავად ამისა, გუნდის ფანებში უკვე დიდი არეულობა და შიში შეინიშნება, რომ მალე ყველა ლეგიონერი წავა.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 კვირაში რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება ექნებათ, კლუბებთან კონტრაქტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ცალმხრივად გაწყვიტონ. არადა, უკვე 1 წელზე მეტია კვარაცხელიას 20 მილიონზე ნაკლებად არ ყიდიან.

“საუბარი მქონდა კლიჩკოსთან და თხოვნა იყო…” – კალაძე

თბილისს ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული, კიევს კი მსოფლიო ჩემპიონი მერი ჰყავს. როგორც დღეს კალაძემ თქვა, მას ხშირი კონტაქტი აქვს კლიჩკოსთან და დღესაც ელაპარაკა.

“ვიტალი კლიჩკოსთან მე მეგობრობა მაკავშირებს, დღესაც ვესაუბრე. მეუბნებოდა მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა, თხოვნა იყო თუ შესაძლებელი იქნებოდა, ეს ჰუმანიტალური ტვირთები, რომლებიც იგზავნება საქართველოდან და გულწრფელად მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო. თხოვნაა, ისეთი ქალაქებისთვის მიგვეწოდებინა, ხარკოვი, მარიუპოლი, სადაც ყველა მეტად სჭირდებათ დახმარება”, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის განცხადებით, თბილისი მზადაა უკრაინელი ლტოვილები მიიღოს.