არჩილ ბერიძემ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეუერთდება.

თბილისის “დინამოდან” წასვლის შემდეგ ანანიძე ბათუმის “დინამოსთან” შეთანხმდა, თუმცა რატომღაც თურქეთში წამსვლელთა სიაში არ აღმოჩნდა. არჩილ ბერიძის განცხადებით, ანანიძე ჯერ თბილისში, შემდეგ თურქეთში ინდივიდუალურად ემზადებოდა და რამდენიმე დღეში უკვე საერთო ვარჯიშში ჩაერთვება.

კვიპროსიდან წამოსვლის შემდეგ ჯანო ერთხელ უკვე ვარჯიშობდა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობის ქვეშ, მაგრამ მაშინ თბილისში წასვლა არჩია, სადაც მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ტრავმა მიიღო.

ანანიძე ქობულეთშია დაბადებული და მისი პირველი გუნდი “შუქურა” იყო.

დავით კერესელიძის პირველი ჩართვა – არაბიძე “ტორპედოში” უნდა დარჩეს!

ქუთაისის “ტორპედომ” რამდენიმე ძალიან საინტერესო ტრანსფერი (პაპუნაშვილი, ბუღრიძე, მანჯგალაძე) განახორციელა, მაგრამ გია ცეცაძეს საყვარელი შეგირდი ჯერ კიდევ არ დაუმატებია.

“სამტრედიის” ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ არაბიძე “ტორპედოში” ვარჯიშობდა და სულ ახლოს იყო გუნდთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ “ნასიონალმა” მის იჯარაში ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. არადა, გიორგის “ნასიონალთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

საქმეში “ტორპედოს” მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორი, დავით კერესელიძე ერთვება, რომელიც პროფესიით იურისტია და საერთაშორისო პარტნიორებთან უნივერსიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

სწორედ კერესელიძე აწარმოებს მოლაპარაკებებს პორტუგალიელებთან და იჯარის ალბათობა 50-50-ზეა.

გარდა ამისა, კერესელიძე მილანის “ინტერთან” თანაშრომლობს და თანაშრომლობის ფარგლებში აკადემიის მშენებლობაა გადაწყვეტილი.

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია

ბელგიური “გენტის” 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია.

ესპანურ შეკრებაზე ჩაკვეტაძე ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა მცირე ტრავმა მიიღო და ამხანაგურ მატჩებში ვერ ითამაშა. ბოლოს ჩაკვე მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს “ფლორასთან” შეხვედრაში გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის “გენტიდან” წასვლა იჯარით სურდა, მაგრამ ბელგიელები ამაზე თანახმა არ არიან.

“10 კილოთი მსუქანი მამარდაშვილი ხაუმეს 1000 თავით მირჩევნია”

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განაცხადში ზედმეტი 200 გრამის არ შეიყვანა და ხაუმე დომენეკი დააყენა, რომელიც საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. “ვალენსიას” ფანები ქართველს ურჩევენ, იჯარით წავიდეს.

“ხაუმე კარში არ უნდა იდგეს, საშინელი გამოსვლები. მამარდაშვილს წუთები სჭირდება, აბა რისთვის მოვიდა?”

“მამარდაშვილის დროა!”

“10 კილოთი უფრო მსუქანი მამარდაშვილი მირჩევნია, როგორც ბრუს გობელარი იყო, ხაუმე დომენეკს”

“დროა, მამარდაშვილი იჯარით წავიდეს და არ დაკარგოს მთელი სეზონი. მე-2 ლიგა კარგი ვარიანტი იქნებოდა”

“რა ცვლილებები უნდა გააკეთოთ, შეხედეთ სათადარიგო სკამს. ერთადერთი რაც ბორდალასს შეუძლია გააკეთოს, მამარდაშვილის ან რივეროს დაყენებაა”

“ფეხებზე მკიდია მამარდაშვილი ძროხასავით არის თუ არა, დომენეკიმ ლა ლიგაში ფეხი არასდროს არ უნდა დაადგას!”

შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ

იტალიური “ჯენოას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა.

უკრაინული წყაროების თანახმად, 45 წლის სპეციალისტი წელიწადში ანაზღაურების სახით ორნახევარ მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც ნაწილს პოლონეთის ფეხბურთის კავშირი, ნაწილს კი სპონსორები დაფარავენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

ბათუმის “დინამოს” ყველაზე იღბლიანი გოლი “რაკუვთან” (ვიდეო)

ბათუმის “დინამო” თურქულ შეკრებაზე “ლეხთან” 1-2 გამარჯვების შემდეგ ისევ პოლონურ “რაკუვს” დაუპირისპირდა და 3-3 ითამაშა.

“დინამოდან” გოლი გაფრინდაშვილმა, ტეიდმა და ზარიამ გაიტანეს. მე-3 გოლის მომენტში ბათუმელებს ძალიან გაუმართლათ და კვლავ ეპიზოდის ეპიცენტრში გაფრინდაშვილი იყო, რომელიც შეკრებაზე საუკეთესოა.

ევლოევი ქართველებს: “თქვენი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს”

UFC-ის ინგუშმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა სოციალური ქსელის საშუალებით ქართველებს მიმართა.

როგორც იცით, ევლოევი და ილია თოფურია ერთმანეთს UFC 270-ზე, 23 იანვარს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ქართველი და ინგუში მებრძოლები სოციალურ ქსელში ერთმანეთთან დაპირისპირებას აგრძელებენ, ისინი ერთმანეთის შეურაცხყოფას არ ერიდებიან.

ევლოევის მიმართვა ქართველებს:

“გამარჯობა, გენაცვალე!!! ძვირფასო ქართველებო, ნუ მიიღებთ პირადად, თქვენი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს. საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისთვის ღიაა”, – წერს 27 წლის სპორტსმენი.

ილია თოფურია: “მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ვუყვარვარ და გვერდში მიდგას”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც იცით, 23 იანვარს თოფურიას რუსეთის წარმომადგენელ მოვსარ ევლოევთან უნდა ებრძოლა, თუმცა მისი მეტოქე შეხვედრიდან ჩაიხსნა. ამის შემდეგ, ილიასთან დაპირისპირების სურვილი შარლ ჟურნდენმა გამოთქვა, თუმცა ეს შეხვედრაც არ შედგა. ამ შემთხვევაში, ქართველს წონის კლების შეწყვეტა მოსთხოვეს.

“ამდენი თვის ძალისხმევისა და თავგანწირვის შემდეგ, ბედმა გადაწყვიტა, რომ ამ “ქარდზე” არ მებრძოლა. წუხელ, წონის დაკლების შუა პროცესში, კალიფორნიის კომისიის ექიმები იძულებულნი გახდნენ გაეუქმებინათ ბრძოლა, რის გამოც ოფიციალურ დასაშვებ წონას სულ რაღაც ხუთი ფუნტი დააკლდა.

საბედნიეროდ, ახლა კარგად ვარ. გამოვედი საავადმყოფოდან, დავისვენე, აღვიდგინე ძალები და ჩემს გუნდთან ერთად გავაანალიზე სიტუაცია სამომავლო დასკვნების გამოსატანად.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ვუყვარვარ და გვერდში მიდგას რთულ პერიოდში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ქართველ გულშემატკივრებს. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩემთვის.

მე ძალიან მალე დავბრუნდები უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე და აუცილებლად გავამართლებ თქვენს მოლოდინს!

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო შარლ ჟურდენს მოკლე ვადაში ბრძოლაზე დათანხმებისთვის. შენ ნამდვილი მეომარი ხარ.

შეხვედრამდე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ვალენსიამ” მამარდაშვილი ზედმეტი წონის გამო მადრიდში არ წაიყვანა

ესპანური გამოცემა Plazadeportivo სტატიას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი მადრიდის “ატლეტიკოსთან” განაცხადში ზედმეტი წონის გამო არ შეიყვანა.

მამარდაშვილი თამაშის წინ სასწორზე დადგა და ზედმეტი კილოგრამები დააფიქსირა. მსგავსი რამ უკვე შეემთხვა ტიერი რენდალს “კარტახენასთან” მატჩამდე და მაქსი გომესს “სევილიამდე”. როგორც ჩანს, ბორდალასი ზედმეტად მკაცრია ამ კუთხით.

ქართველის ადგილი განაცხადში კრისტიან რივერომ დაიკავა. გუნდს მადრიდში გაყვა აკადემიის მეკარე ჩარლი პერესი. ტრავმირებულია იასპერ სილესენი, რომელსაც ხაუმე დომენეკი შეცვლის.

ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ სერბულ მონასტერს ეწვია (ფოტოები)

მსოფლიოს ნ1 ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ მონტენეგროში სერბულ მონასტერს ეწვია და მოილოცა წმინდა ბასილისის წმინდა ნაწილები და მონტენეგროს მიტროპოლიტს ესაუბრა.

ნოვაკის მწვრთნელის განცხადებით, ჯოკოვიჩს მენტალურად საკმაოდ გაუჭირდა და გადაწყვიტა, ტაძარი მოენახულებინა.

ნოლე ავსტრალიიდან რამდენიმე დღის წინ დაადეპორტეს, მას შემდეგ, რაც საზღვრის გადაკვეთა აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე სცადა. მან ავსტრალიის მთავრობას სასამართლო ერთხელ მოუგო, მაგრამ ჯერ ემიგრაციის მინისტრმა ქვეყანაში არ შეუშვა, შემდეგ კი მეორედ გასაჩივრებული სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.

კარაგერი: “მესიმ პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ ვირი ვარ”

ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა გუშინ, პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბავი გაიხსენა.

Sky Sports-ის ერთ-ერთ გადაცემაში “ლივერპულის” ლეგენდამ სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ლიონელ მესი არ შეიყვანა და მის ადგილას მოჰამედ სალაჰი დააყენა. როგორც აღმოჩნდა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამით უკმაყოფილო დარჩა.

“სეზონის დასაწყისში გვქონდა კამათი – მესი თუ რონალდუ? მე მესისკენ ვიყავი, თუმცა ის ჩემზე მაინც გაბრაზდა. მე ვფიქრობდი, რომ ის “პარი სენ-ჟერმენისთვის” კარგი შენაძენი არ იყო.

მესისგან Instagram-ში პირადი შეტყობინება მომივიდა. არ ვაპირებ პირადი შეტყობინება გაჩვენოთ, თუმცა მან ვირი მიწოდა. როგოც ჩანს, ის ჩვენს გადაცემას უყურებდა. ლიონელ, მე შენ მიყვარხარ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. შენთან შედარებით, მე მართლაც ვირი ვარ, თუმცა შენ, კოპა ამერიკის მოგების მიუხედავად, იმდენად კარგი არ ყოფილხარ, რომ მო სალაჰი გვერდზე დამეტოვებინა”, – განაცხადა კარაგერმა.