“საბურთალო” საქართველოს თასის მფლობელია!

“საბურთალომ” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს “სამგურალი” 0-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. თამაშის მიმდინარეობისას ძალიან ცოტა საგოლე მომენტში შეიქმნა, ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილობდა და კარის დაცვაზე ფიქრობდა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე იური ტაბატაძემ თავურით გაიტანა.

სოსო ფრუიძემ ერთბაშად 4 შემტევი ჩართო, თუმცა “სამგურალმა” მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო და ზედიზედ მე-2 ფინალი დათმო. “საბურთალომ” თასი მეორედ მოიპოვა.

5 ქართველი ლეგიონერი, რომლებიც “დინამოს” ევროტურნირზე გაიყვანენ!

თბილისის “დინამომ” სეზონის დასრულების შემდეგ კახა ცხადაძესთან და ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად დიდი ცვლილებების შესახებ გამოაცხადა და საჭიროა, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, რათა ბათუმის “დინამოსთან” კონკურენცია შეძლოს.

ევროპაში 4 ყოფილი “დინამოელი” მოიძებნება, რომლებსაც სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვთ და ამ დროს, თბილისურ კლუბს ძალიან გამოადგებოდა. პლუს 1 ყოფილი “ლოკოელიც”.

მთავარი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც ბელგიურ “გენტში” ბოლო 3 მატჩია განაცხადშიც ვერ ხვდება, ვარჯიშებზე მოტივაცია აქვს დაკარგული და აშკარად სერიოზულ კრიზისშია. ჩაკვეს დროებით დაბრუნების შემთხვევაში, ორივე მხარე აუცილებლად მოიგებდა.

“დინამოს” ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა “პაოკში” გადავიდა, თუმცა სათამაშო დრო ვერ მიიღო, შემდეგ “ანორთოსისში” წავიდა, სადაც, ასევე, უქმად იყო და ახლა კვლავ “პაოკში” დაბრუნდა. ნაკლებად სავარაუდოა, ნიკას თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს. ცხადაძე ბევრ ნახევარმცველს უშვებს და ნინუა მათ სათანადოდ შეცვლიდა.

გიორგი პაპუნაშვილი აკადემიის აღზრდილია და საფეხბურთო სამყარომ სწორედ “დინამოდან” გაიცნო. პაპუს კვიპროსულ “აპოლონში” 15 მატჩში მხოლოდ 10 წუთი მიეცა და “აპოლონს” მალე დატოვებს. მისი ხილვა რეალურ საქმეში საინტერესო იქნება.

რევაზ ინჯგიამ “აპოლონში” დაახლოებით 40-50 წუთი მიიღო, არადა მისი სტილის, სწრაფი შემტევი ეროვნული ლიგის მცველებს დიდ თავსატეხს გაუჩენდა.

მართალია, “დინამომ” “გაგრადან” დავით კერესელიძე დაიმატა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა კარიერა დაასრულა, პრიეტოს კი გიორგი მამარდაშვილი გაცილებით სჯობს. გიორგი “ვალენსიაში” სექტემბრის შემდეგ არ გამოჩენილა და მას სათამაშო დრო ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ოდესმე ხომ უნდა ჩაატაროს 1 მატჩი მაინც მამარდამ “დინამოში”?

პაპუნაშვილი 25 წლისაა, ნინუა 22-ის, ჩაკვე 22-ის, მამარდა 21-ის და ინჯგია 20-ის. ევროპული დესანტი “დინამოში” ამ გუნდს კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად გაიყვანდა და საქართველოს ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტიც იქნებოდა. “დინამოს” ძლიერი ფეხბურთელები სჭირდება, მათ სათამაშო დრო და ყველასთვის დამტკიცება, თუ რა შეუძლიათ.

ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

 

პაატა გურასპაულმა კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ვიქტორ სანიკიძემ და პაატა გურასპაულმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც იცით, ეს ორივე პიროვნება ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ცალ-ცალკე იღებდა მონაწილეობას. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გურასპაულმა განაცხადა, რომ ის კანდიდატურას ხსნის და მოახლოებულ არჩევნებს სანიკიძის გუნდის ერთ-ერთი წევრის რანგში შეხვდება.

“კალათბურთის ოჯახი ერთიანია. ყველას მიზანია, რომ ეს სახეობა კიდევ უფრო წარმატებული იყოს. მე და ვიქტორ სანიკიძემ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ არჩევნებში ერთი გუნდით წარვდგეთ. პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორი იქნება. ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი უფრო წარმატებული გახდეს”, – განაცხადა გურასპაულმა.

ჩავიმ “ბაიერნთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, “ბაიერნთან” მატჩის წინ პრესასთან საუბრობს. როგორც იცით, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაირკვევა შეძლებს თუ არა “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას.

“როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ბოლომდე იბრძვის, მეც უარს ვამბობ დანებებაზე. იმედი გვაქვს, რომ შანსების შექმნას, მეტოქეზე დომინირებას და საბოლოო ჯამში გამარჯვებას შევძლებთ. მატჩის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ.

ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ “ბარსელონა” ევროპის ნებისმიერ სხვა კლუბზე მაღლა დგას. ამისთვის კი ძალიან დიდი მუშაობა და მოთმინებაა საჭირო. ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა შეუძლებელია.

“ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავალთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ,” – აცხადებს ჩავი.

ტრავმირებულმა სუარესმა ცრემლები ვერ შეიკავა, მადრიდული დერბი ოთხ დღეშია

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას დაზიანება მიიღო. დიეგო სიმეონემ ლუის სუარესის შეცვლა მე-13 წუთზე მოუწია.

ლუის სუარესმა ძალიან განიცადა გუნდს გადამწყვეტ მატჩში რომ ვერ დაეხმარებოდა და ამის გამო ცრემლები ვერ შეიკავა. მისდა საბედნიეროდ, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა “პორტუს” დამარცხება შეძლეს (0-3) და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ 12 დეკემბერს მადრიდული დერბი უნდა გაიმართოს და დიდი ალბათობით, სუარესი ამ მატჩს გამოტოვებს.

“ლივერპული” პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩი მოიგო

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში “მილანი” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1:2 დაამარცხა და ასპარეზობა ჯგუფში პირველი ადგილზე დაასრულა.

“ლივერპული” პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსი შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შედეგით დაასრულა ასპარეზობა ამსტერდამის “აიაქსმაც”.

ჯგუფური ეტაპის სრულყოფილი შედეგით დასრულების შანსი აქვს მიუნხენის “ბაიერნსაც”, რომელსაც მეექვსე გასმარჯვების მოსაპოვებლად კატალონიური “ბარსელონას” ბარიერის დაძლევა მოუწევს.

იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგას ამჯერადაც ვერ მოიგებს, როგორია მისი სტატისტიკა ამ ტურნირზე?

“მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში “ლივერპულის” დამარცხება ვერ შეძლო და შედეგად ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი ევროტურნირებზე ასპარეზობას გამოეთიშა.

ზემოხსენებული შედეგი ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის 40 წლის ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ამჯერადაც ვერ მოიგებს. ზლატანს კარიერაში 31 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ჩამონათვალში ჩემპიონთა ლიგა კვლავაც არ ხვდება.

შვედმა თავდამსხმელმა 16-ჯერ მიიღო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა. მას ამ ტურნირზე 7 განსხვავებული კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები – “აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი”, “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

საერთო ჯამში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის 124 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 48 გატანილი გოლი და 28 საგოლე გადაცემაა დაგროვებული.

პიოლის პირველი კომენტარი “მილანის” ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში “მილანმა” საკუთარი შანსი ვერ გამოიყენა და ევროტურნირებზე ასპარეზობას გამოეთიშა. ჯგუფში პირველი ადგილი “ლივერპულმა” დაიკავა, მეორე – “ატლეტიკომ”, ხოლო მესამე – “პორტუმ”.

“წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო შექმნილი მოედანზე. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი ფანებისთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ამ ექვსმა მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა,” – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ.

ევროტურნირებიდან გამოვარდნა “მილანს” “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ხელს შეუწყობს. სერია A-ს 16 ტურის შემდეგ პიოლის შეგირდები 38 ქულით პირველ პოზიციას იკავებენ და ერთი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ “ინტერს”, ხოლო ორით – “ნაპოლის”.

ბარელას წითელი ბარათი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

კვარა და ჩაკვე – ქართველი ტალანტები, რომლებიც კარიერას ინგრევენ!

ჯერ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძემ ისე გაიბრწყინა, საქართველოს ნაკრები პირადად მისი გოლების წყალობით ამარცხებდა მეტოქეებს, შემდეგ ჩაკვემ ტრავმა მიიღო და ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც ნაკრებს წინ მიუძღოდა და გრანდების კარებები დალაშქრა.

დღეს ერთი მათგანი ბელგიური “გენტის” განაცხადში ვერ ხვდება, მეორე კი ყაზანის “რუბინიდან” თავის დაღწევას ვერ ახერხებს.

ჩაკვე უკვე 3 მატჩია მწვრთნელს განაცხადში არ შეჰყავს და თასზეც არ ათამაშა, მიზეზად კი მისი საშინელი ფორმა დაასახელა. როგორც ჩანს, ფეხბურთელის მოტივაცია დაკარგულია და სერიოზული პრობლემები აქვს. 2017 წლიდან ბელგიაში ასპარეზობს, ჯერ ოპერაცია სპეციალურად დაგვიანებით გაუკეთეს და მას შემდეგ ძველი ჩაკვეტაძე არ გვინახავს. დროა, “გენტი” დატოვოს და თუნდაც, დროებით, თბილისის “დინამოში” დაბრუნდეს, სადაც ნდობა, სათამაშო დრო და შესაბამისი გარემო ექნება შექმნილი. ეს არ იქნება უკანგადადგმული ნაბიჯი, გიორგი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.

კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრაში შეცვლისას ხელთათმანები მოისროლა, სლუცკის ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელში წავიდა. ხვიჩა რამდენიმე თვე ელოდებოდა, რომ ახალ გუნდში გადავიდოდა, მაგრამ არაფერი მოხდა და მანაც მოტივაცია დაკარგა. თუ ზამთარში რამე არ შეიცვალა, დიდი შანსია, კვარაც ჩაკვეს გზას დაადგეს და სათამაშო დრო შეუმცირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთს მალე მოშორდეს და თუნდაც ევროპის საშუალო გუნდში გადავიდეს, საიდანაც ტოპ კლუბში მოხვედრა გაცილებით მარტივი იქნება.

ჩაკვეტაძე – კვარაცხელიას კარიერაში დიდი როლი მათმა აგენტებმა უნდა ითამაშონ, რომლებიც არამხოლოდ აგენტები, “არამედ, ფსიქოლოგებიც და მხარდამჭერებიც” არიან. თუ ორივე მათგანი ფორმაში იქნება, საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლება.

ლიონელ მესის დიდებული გოლი “ბრიუგეს” კარში (ვიდეო)