ჯერარდი: “ასტონ ვილა” ევროთასებზე უნდა გავიდეს”

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი საკუთარ გუნდს მიზნად ევროთასებზე გასვლას უსახავს.

“სანამ აქ მუშაობას შევუდგებოდი, ყურადღებით ვაკვირდებოდი ევროთასებზე ისეთი გუნდების გამოსვლას, როგორებიცაა “ლესტრი” და “ვესტ ჰემი”.

ვფიქრობ, რომ ევროთასებზე “ასტონ ვილაც” უნდა გავიდეს, რათა სერიოზულად მიგვიღონ. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს შესრულებადი მიზანია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯერარდმა “ასტონ ვილა” 11 ნოემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი გამარჯვებით დაასრულა, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდა (“მანჩესტერ სიტისთან”). “ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე ჯერარდის დანიშვნის მომენტში გუნდს ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი ეკავა, ახლა კი მეათე პოზიციაზეა.

ზიდანს “პსჟ”-ში მუშაობა ვენგერთან ერთად სურს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “პარი სენ-ჟერმენის” ჩაბარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. “ფუთმერკატო” იუწყება, რომ ფრანგმა სპეციალისტმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართა.

ზიდანს “პსჟ”-ში მუშაობა არსენ ვენგერთან ერთად სურს. კერძოდ, ზიზუმ გუნდს უნდა უთავკაცოს, ვენგერი კი კლუბის სტრატეგიული განვითარებით უნდა დაკავდეს. ეს უკანასკნელი დღესდღეობით ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა “რეალი” 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.

ქოჩორაშვილი სამ “გრანადელს” დაუპირისპირდა და ბოლოს თავურით დააგდო (ვიდეო)

“ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გუშინ “გრანადას” მე-2 გუნდს ეთამაშა და მოედნიდან გააძევეს.

77-ე წუთზე ქოჩორაშვილის თანაგუნდელი მოჩეხეს, გიორგიმ ბურთის სწრაფად აღება მოინდომა, თუმცა ჯერ ერთმა ბურთი წინ გადაუგდო, მეორემ კვლავ ხელის შეშლა სცადა, ბოლოს კი მესამეს მისი პროვოკაციაზე წამოგება გამოუვიდა და ქოჩორაშვილმა თავი ჩაარტყა. ქართველი მსაჯმა მაშინვე გააძევა.

ჩვენებურს ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და 3 თვიანი იძულებითი პაუზა გამოუვიდა.

საშინელი სერია – საბა კვირკველიას “მეტალისტმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

29 წლის საბა კვირკველიას “მეტალისტ 1925”-მა უკრაინის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.

ამჯერად “მეტალისტი” ნიკა სიჭინავას “კოლოსთან” დამარცხდა. სიჭინავამ მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, კვირკველია კი 82-ზე შევიდა.

საბა “კოლოსამდე” ყველა თამაში ძირითადში ჩაატარა, გუნდმა კი ჯამში 13 გოლი მიიღო და მხოლოდ ერთი გაიტანა.

ჯერჯერობით “მეტალისტი” 19 ქულით მე-10 ადგილზეა.

კახა ცხადაძეს ნაკრების ორი ფეხბურთელის დამატება სურს

“დინამო თბილისი” ალექსანდრე რეხვიაშვილისა და კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებისთვის ემზადება და გუნდიდან უკვე გაუშვეს შვიდი ფეხბურთელი, მათ შორის, ჯანო ანანიძე.

“დინამო” გაძლიერებას აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელების გარდა საქართველოს ნაკრების წევრებით აპირებს და მოლაპარაკებები ბუბა დაუშვილთან და დავით ვოლკოვთან მიმდინარეობს. Azerisport-ის ინფორმაციით, ცხადაძეს გუნდში ვოლკოვის ხილვა სურს, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირია და ბოლო 2 მატჩი ნაკრებში პირდაპირი მნიშვნელობით დაფრინავდა.

ვოლკოვი 2013-16 წლებში “დინამოში” ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, უფრო მეტად, “დინამო 2-ში” ასპარეზობდა.

დაუშვილმაც ახალგაზრდული კარიერა “დინამო 2-ში” დაიწყო, თუმცა მთავარ გუნდში არ გადასულა და 2005 წლიდან 2011 წლამდე “ზესტაფონში” იყო. ახლა “აპოელის” ღირსებას იცავს, მაგრამ ბოლოს ტრავმა ჰქონდა.

თბილისელების პირველი ტრანსფერი “გაგრადან” მეკარე დავით კერესელიძეა.

ბათუმის “დინამოს” მთავარი პრობლემა – რა უნდა შეცვალოს გეგუჩაძემ?

ბათუმის “დინამო” 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩემპიონი პირველად გახდა და ეს ყველაფერი დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოხდა.

გუნდს ჰყავს საკმაოდ სოლიდური მეკარე ლაზარე კუპატაძე, მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომლებთაც ძალიან ბევრი მსურველი ჰყავთ.

ნახევარდაცვაში უკვე ნაკრების წევრები და კანდიდატები სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი და ჯაბა ჯიღაური. პლუს ტეიდი, მანჯგალაძე და გაფრინდაშვილი.

თავდასხმის ხაზში კი ჯოვინო და ფანცულაია, მაგრამ “დინამოს” მთავარი პრობლემა, რაც სეზონის განმავლობაში მოუგვარებელი და მთავარი თავსატეხი დარჩა, ცენტრალური დაცვაა.

“დინამოში” 4 ცენტრალური მცველი ირიცხება – მამუკა კობახიძე (კაპიტანი), ოლექსანდრ აზაცკი, მალხაზ გაგოშიძე და გაგი მარგველაშვილი. 4-ვე მათგანი საკმაოდ მოუქნელი და ნელია. “ტორპედოში” ძალიან სტაბილური აზაცკიც ბევრ შეცდომას უშვებდა, გამოცდილი კობახიძე კი ზედმეტად იბნეოდა. მართალია, “დინამომ” ყველაზე ცოტა (27) გოლი გაუშვა ეროვნულ ლიგაში, მაგრამ ამ დაცვით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაგრად გაგვიჭირდება.

ბათუმში 30 წლის ნიგერიელი გოდფრი ობოაბონა ირიცხებოდა ნიგერიის ნაკრებში 44 მატჩით, მაგრამ ფორმა ვერ აღიდგინა და კლუბიც დატოვა. საჭიროა, გამოცდილი ლეგიონერი, რომელიც დაცვის ცენტრის ლიდერობას თავის თავზე აიღებს და რთულ სიტუაციებში დაძაბულობას განმუხტავს. ამ კუთხით ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომელიც დღესაც კარგ ფორმაშია და ლიდერობაც შეუძლია.

4 ამჟამინდელი მცველიდან “დინამოს” მინიმუმ 2 მათგანი დატოვებს და სხვა ქართული გუნდებიდან შევსება ნაკლებად მოსალოდნელია. საინტერესო იქნებოდა “გაგრას” დუეტის, გია ჩადუნელისა და ლუკა ნოზაძის ვარიანტის განხილვაც.

 

“მოკეტე!” – ალეგრისა და მორატას დაპირისპირება “ჯენოასთან” მატჩში (ვიდეო)

5 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 72-ე წუთზე ტურინელთა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი მასიმილიანო ალეგრიმ ის შეცვალა.

მორატას მოედნიდან გასვლის შემდეგ, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ უყვიროდნენ ის და გუნდის მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს. Goal.Com-ის ცნობით, ალეგრიმ ესპანელ ფეხბურთელს გაჩუმებისაკენ მოუწოდა.

ალეგრი: “უაზროდ დაჯარიმდი, უნდა მოკეტო!”
მორატა: “რა გავაკეთე?”

ალეგრის კომენტარი

მატჩის დასრულების შემდეგ, ალეგრიმ DAZN-თან ინტერვიუში მომხდარზე კომენტარი გააკეთა.

“მან ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც კამათს აგრძელებდა, ამიტომაც მერჩივნა, რომ შემეცვალა. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ალვარომაც და მთელმა გუნდმაც კარგად ითამაშა”, – განაცხადა 54 წლის სპეციალისტმა.

მბაპე: “რამდენჯერაც ჩავთვალე, რომ მარტო შევძლებდი გამარჯვებას, დავმარცხდი”

“პარი სენ-ჟერმენის” ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, რომელსაც ფანები ხშირად ეგოიზმში ადანაშაულებენ, პრესასთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხი განიხილა.

“რთულია თქვა, რომ ბოსი ხარ, როდესაც გუნდში ნეიმარი და მესი გყავს. ვიცი, რომ კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ ვინ არის ბოსი. ჩვენი მიზანი სამივე ჩვენგანისგან მაქსიმუმის მიღებაა.

ჩემ თავს ვუთხარი, რომ როდესაც საუკეთესოობისთვის იბრძვი, გოლებსა და საგოლე გადაცემებს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთო. მე ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტი ვარ. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეგოისტი არ ვარ.

ოქროს ბურთის მოგება ძალიან მინდოდა, მაგრამ როდესაც გუნდთან ერთად მნიშვნელოვან ტიტულებს იგებ, აანალიზებ, რომ ეს უფრო მეტს ნიშნავს შენთვის. რამდენჯერაც ჩავთვალე, რომ მარტო შევძლებდი გამარჯვებას, დავმარცხდი,” – აცხადებს მბაპე.

სუარესი: “მესის ძალიან აწუხებს თოვლი და ცივი ამინდი”

მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა, პრესასთან საუბრისას ლეო მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ლეო და ლუისი ძალიან კარგი მეგობრები არიან და რეგურალურად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

“ჩვენ ყოველდღიურად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოლოდინებზე არ ვისაუბროთ, რადგან ფეხბურთელებისთვის ეს რთული რამ არის. მატჩებსა და ოჯახებზე ვსაუბრობთ ხოლმე.

მესიმ მითხრა, რომ თოვლი და ცივი ამინდი ძალიან აწუხებს. მას უჭირს სიცივეში, განსაკუთრებით თოვლში თამაში. იქაურ ამინდთან შესაგუებლად დროა საჭირო,” – ვციტირებთ სუარესის სიტყვებს.

როგორც იცით, 34 წლის ლეო მესი ზაფხულში შეუერთდა “პარი სენ-ჟერმენის” რიგებს. ჩემპიონთა ლიგაზე ლეომ სამი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ლიგა 1-ში მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია დაფიქსირებული.

ეგვიპტელი მწვრთნელი ბოლო წუთებზე გატანილი გოლის აღნიშვნისას გარდაიცვალა

ფეხბურთის ეგვიპტელი სპეციალისტი, ადჰამ ელ-სელჰადარი, მატჩის მიმდინარეობისას ტრაგიკულად გარდაიცვალა. როგორც ცნობილი ხდება, ადჰამის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

“ელ მაგდის” მთავარი მწვრთნელი გამარჯვების გოლს აღნიშნავდა, როდესაც გულის შეტევა დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სამედიცინო დახმარების გასაწევად, თუმცა 53 წლის სპეციალისტის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

კუადრადომ გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მე-16 ტურში მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლო. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა მატჩში, “ბიანკონერიმ” 27-ჯერ დაარტყა “ჯენოას” კარისკენ, მეტოქისგან კი ერთხელაც არ მიუღია მსგავსი ტიპის საფრთხე.

მატჩში ანგარიში მეცხრე წუთზე ხუან კუადრადოს მიერ კუთხურიდან გატანილი გოლით გაიხსნა.

Content made on Kapwing

ბათუმის “დინამო”: 2022 აკადემიის წელი იქნება!

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის არჩილ ბერიძის განცხადებით, 2022 წელს ხელმძღვანელობა ბავშვთა აკადემიას დიდ ყურადღებას დაუთმობს.

“სამწუხაროდ, აკადემიას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ და უფრო მეტად მთავარ გუნდზე ვიყავით გადართულები მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ 2022 წელს აკადემიის წლად გამოვაცხადებთ და მაქსიმალურად გადავერთვებით ჩვენც და გია გეგუჩაძეც. საერთოდ, ორი მეთოდია ახალი კლუბის შექმნის დროს, ბავშვთა აკადემიით ან დიდი გუნდით დაწყება. არ ვნანობთ, რომ ეს გზა ავირჩიეთ, რადგან დღევანდელი ბათუმის “დინამო” ბავშვებს ძალიან დიდ მოტივაციას ჰმატებს. ყველა ნახავდით გოგო-ბიჭებს თამაშის მერე როგორ ელოდებოდნენ ფეხბურთელებს და ამაზე მეტი გასახარებელი რა არის. მომდევნო წელს სამშენებლო კომპლექსი სრულად დასრულდება და ადგილობრივ ბავშვებს ჩვენთან ყველა პირობა ექნებათ ფეხბურთის სათამაშოდ. ბოდიშს ვუხდი იმ თაობას, რომელსაც ჩვენ ვერ მივუსწარით, რადგან უფრო ადრე არ შემოვედით ქართულ ფეხბურთში”, – განაცხადა ბერიძემ “სპორტი იმედზე”.

“დინამოში” 3 მთავარი ფიგურაა გამოკვეთილი – ბერიძე, ლადო დვალიშვილი და გეგუჩაძე.