“ლოკომოტივს” მარადიშვილის გადაბირება სურს, გამოსასყიდი 10 მილიონს შეადგენს

მოსკოვის “ცსკა”-ს ნახევარმცველი, კონსტანტინ მარადიშვილი, შესაძლოა, მოსკოვის “ლოკომოტივში” გადაბარგდეს. ამის შესახებ აქტიურად იწერებიან გავლენიანი რუსული გამოცემები.

როგორც იცით, ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელი 7 წლიდან მოსკოვურ კლუბში ასპარეზობს და მასზე საკმაოდ დიდი ავანსებია გაცემული. კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევროა გაწერილი.

“სპორტ-ექსპრესის” ცნობით, მარადიშვილის მამა უკმაყოფილოა ამჟამინდელი კონტრაქტით, რომლის ფარგლებშიც ეს უკანასკნელი დაახლოებით 300 ათას ევროს იღებს ხელფასის სახით.

ვან გალი: “ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტზე მეც საკუთარ თავს დავნიშნავდი”

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მესამედ დაინიშნა, საკუთარი მუშაობის პრინციპებზე, ქვეყნის ფეხბურთის კავშირთან მოლაპარაკებებისა და ნაკრებში დასახული მიზნის შესახებ ისაუბრა.

“ფეხბურთელები მე ყოველთვის მკაცრ მწვრთნელად აღმიქვამენ, რადგან მედია ასე მახასიათებს. საკუთარ თავს მეც მკაცრ, მაგრამ ამავდროულად სამართლიან და პატიოსან სპეციალისტად მივიჩნევ.

არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის კავშირთან მოლაპარაკება საკმაოდ სასიამოვნო იყო და ის დიდხანს გაგრძელდა.

თუ ჩემს კარიერას გადახედავთ, აღმოაჩენს, რომ მუშაობის პირველი რამდენიმე თვე კარგი არასდროს მქონია. ფეხბურთელებს ჩემს რეჟიმთან შეგუება უწევთ.

ჩემი პირადი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა. მინდა, რომ ფეხბურთელები ამით შთავაგონო, მაგრამ ამის გაკეთება არა საკუთარი თავისთვის, არამედ ნიდერლანდური ფეხბურთის დასახმარებლად მსურს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის შერჩევა მე რომ მიწევდეს, მეც საკუთარ თავს ავარჩევდი, ამიტომაც დავთანხმდი ამ პოსტს”, – ციტირებს ვან გალის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

ლუი ვან გალი ნიდერლანდების ნაკრებს 2000–2002 და 2012–2014 წლებში უკვე თავკაცობდა. ეროვნულ გუნდში მისი ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილია.

რუსი ქალბატონი ტრიბუნაზე გაშიშვლდა და ფეხბურთელს მაისური სთხოვა (ფოტო)

6 აგვისტოს, რუსეთის ჩემპიონატში “უფამ” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნაზე გამოჩნდა გულშემატკივარი, რომელიც გაშიშვლდა. მას ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით: “ბაუერ, მაჩუქე შენი მაისური, ცივა.”

მორიც ბაუერი “უფას” შვეიცარიელი მარჯვენა მცველია. მას გულშემატკივრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მოგვიანებით მისი ფოტოები ნახა. 17 აგვისტოს, ბაუერი ქალბატონს შეხვდა და საკუთარი მაისური გადასცა.

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

სოფელ წინანდალთან სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცავებმა ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა ის მამაკაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. ეს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წინანდალთან მკვლელობა გუშინ მოხდა. სროლის შედეგად, მოკლულია სამი პირი, რომელთა შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


 

რეიტინგი: რამდენად ენდობიან ფანები კლუბის მფლობელებს ინგლისში?

პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ეს პერიოდი ზედგამოჭრილია ფანების ამბიციების შესაფასებლად. Sky Bet ინგლისელ გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვას გვთავაზობს, რომლის მიზანიც ფანებში კლუბის მფლობელების მიმართ ნდობის მაჩვენებლის დადგენა გახლდათ.

როგორც აღმოჩნდა, მფლობელების იმედი ყველაზე მეტად “ლესტერ სიტის” გულშემატკივრებს აქვთ. “ბრაიტონის”, “ბრენტფორდისა” და “ასტონ ვილას” ფანებიც კმაყოფილნი არიან მფლობელთა საქმიანობით და თვლიან, რომ გუნდი განვითარების სწორ გზაზე დგას.

1. ლესტერ სიტი (96.4% ნდობის მაჩვენებელი)

2. ბრაიტონი (94.4%)

3. ბრენტფორდი (91.7%)

4. ასტონ ვილა (89.3%)

5. მანჩესტერ სიტი (82.1%)

დიდი ექვსეულის კლუბებს შორის ყველაზე დიდი ნდობის მაჩვენებელი “მანჩესტერ სიტის” მფლობელებს აქვთ, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბოლოდროინდელი ინვესტიციებიდან გამომდინარე. ათეულში მოხვდნენ “ლიდსის”, “უოტფორდის”, “ჩელსის”, “ევერტონისა” და “ნორვიჩის” მფლობელებიც.

6. ლიდს იუნაიტედი (80.3%)

7. უოტფორდი (77.2%)

8. ჩელსი (75.7%)

9. ევერტონი (75.4%)

10. ნორვიჩი (70.6%)

ყველაზე ნაკლებად კი “ნიუკასლის”, “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელებს ენდობიან. ნდობით ვერც “ტოტენჰემის” მესვეურები იტრაბახებენ.

11. ბარნლი (62.8%)

12. კრისტალ პალასი (55.6%)

13. ვულვზი (54.5%)

14. ლივერპული (54.2%)

15. ვესტ ჰემი (27.8%)

16. ტოტენჰემი (25.8%)

17. საუთჰემპტონი (15.4%)

18. მანჩესტერ იუნაიტედი (9.8%)

19. არსენალი (8.9%)

20. ნიუკასლი (3.1%)

“მდგომარეობა საგანგაშოა!” – რამდენია “ბარსელონას” ვალი?

კატალონიის “ბარსელონა” რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, რასაც კლუბის ხელმძღვანელები კარგა ხანია არ მალავენ. ჟოან ლაპორტამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვალის ოდენობაც დაასახელა.

“პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. კლუბში მძიმე, საგანგაშო და დრამატული ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ დროისთვის კლუბის მთლიანი დავალიანება 1.35 მილიარდ ევროს შეადგენს.

დავაზუსტებ და გეტყვით, რომ ზემოხსენებული თანხიდან 673 მილიონი ბანკის ვალია, 389 მილიონი ევრო კი ფეხბურთელებისთვის არის გადასახდელი. სასამართლოს ვალი 96 მილიონს შეადგენს, ლა ლიგას 79 მილიონი უნდა გადავუხადოთ,” – განაცხადა ლაპორტამ.

სკანდალი ტოკიოში – ქართველი პარაძიუდოისტი სასტუმროს დაცვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდა

იაპონური მედიის ცნობით, ტოკიოს პოლიციაში საქართველოს პარალიმპური ნაკრების წევრთან დაკავშირებით საქმე აღიძრა.

Japan Today-ს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ერთ-ერთი ქართველი პარაძიუდოისტი სასტუმროს დაცვის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების ერთ წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდა, რის გამოც მთელი გუნდი სასტუმროში, კარანტინში იმყოფებოდა. სასტუმროს თანამშრომლების თქმით, 12 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი და მისი რამდენიმე თანაგუნდელი სასტუმროს დერეფანში ხმაურობდა. დაცვის წარმომადგენელმა, რომელიც 60 წელზე მეტისაა, მათ დამშვიდებისაკენ და საკუთარ ოთახებში დაბრუნებისაკენ მოუწოდა. ამის საპასუხოდ, ქართველმა პარაძიუდოისტმა მას ხელი ჰკრა და წააქცია. Fuji TV-ის ინფორმაციით, სასტუმროს დაცვის წევრს დაცემის შემდეგ ნეკნი გაუტყდა.

მოგვიანებით, პარაძიუდოისტმა პოლიციაში აღიარა, რომ მას და მის თანაგუნდელებს ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული. საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ძიუდოისტს სამშობლოში დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება. საქართველო ამ ღონისძიებაზე 14 პარასპორტსმენით იასპარეზებს, რომელთა შორის 6 პარაძიუდოისტია.

აზაროვით რუსული კლუბი დაინტერესდა

ბათუმის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველით, ირაკლი აზაროვით რუსული “კრასნოდარი” დაინტერესდა.

ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი, ნობელ არუსტამიანი ავრცელებს, რომლის მიხედვით, “კრასნოდარს” ტრანსფერის გაჩარხვა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სურს.

“დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ რამდენიმე დღის წინ ბელგიური “გენტისა” და “დინამო ზაგრების” ინტერესზეც ისაუბრა.

აზაროვი ბათუმელთა ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, მანამდე კი “დინამო თბილისში” თამაშობდა.

“გენტის” ფანებმა მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს უმღერეს (ვიდეო)

15 აგვისტოს, გიორგი ჩაკვეტაძემ 10-თვიანი პაუზის შემდეგ “გენტის” საშინაო სტადიონზე პირველად ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი “მეხელენის” წინააღმდეგ სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ 92-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და თანაგუნდელს გაატანინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “გენტის” ფანებმა 21 წლის გიორგის უმღერეს.

View this post on Instagram

A post shared by Geo_Fans 77 (@geo_fans77)

მემფის დეპაის ფინტი “რეალ სოსიედადთან” მატჩში (ვიდეო)

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა.

ყრილობას 39 კლუბის (41-იდან) წარმომადგენელი დაესწრო (72 ხმა, 74-იდან) და ის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გახსნა.

დასაწყისში მან დამსწრეებს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია, უახლოეს პერიოდში კი, ექიმები მისი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ.

განვლილი პერიოდის ანგარიშის ფარგლებში, იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ რაგბის კავშირის ბიუჯეტში სახელმწიფოს წილი 17,5 მილიონი ლარიდან 27,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა კლუბების დაფინანსება, როგორც დიდ 10-ში, ასევე პირველ და რეგიონალურ ლიგებში, ასევე დაიფარა რაგბის კავშირის დავალიანების ნაწილი.

შემდეგ საკითხს რაგბის კავშირის ახალი წესდების დამტკიცება წარმოადგენდა. ახალ წესდებას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა, ერთმა დელეგატმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

ყოფილი გამგეობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ დამსწრეებს ახალი გამგეობის ხუთი კანდიდატი წარუდგინა – გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, აკაკი დავითულიანი, მამუკა გორგოძე და ზვიად თავართქილაძე, ასევე აჭარის რეგიონის საერთო კანდიდატი გელა ქობულაძე.

ასევე წარადგინა კლუბების მიერ დასახელებული ხუთი კანდიდატი – მერაბ ანთაძე, გიორგი ქერაშვილი, ალექსანდრე ხვედელიძე, კობა გიორგაძე და დავით კაჭარავა.

11-ივე კანდიდატს საერთო კრებაზე გამოცხადებულმა დელეგატებმა ნდობა ერთხმად გამოუცხადეს.

Rugby.ge