საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც იცით, გრიგალაშვილი ამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. ტატო მეოთხედფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, ამის შემდეგ რეპეშაჟში ერთი შეხვედრა მოიგო, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მატიას კასესთან ორთაბრძოლა დათმო.
“გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ.
როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ, რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ, რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ.
მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არცისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა. მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას”, – აცხადებს გრიგალაშვილი.