“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს “ნეფთჩისთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.
“დიდი ხანია, ბაქოში არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში დიდხანს ვიმუშავე. ბაქო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია. “ნეფთჩისთან” გამართული პირველი მატჩი საინტერესო და რთული გამოვიდა. ხვალაც ასე იქნება. მატჩის ხილვით სიამოვნებას მიიღებთ. ხვალ უფრო რთული იქნება, ვინაიდან გუნდებმა ერთმანეთის სუსტი მხარეები ნახეს და ახლა მათ გამოყენებას ეცდებიან.
პირველი შეხვედრის შედეგის მიუხედავად, არ ვიტყოდი, რომ “ნეფთჩი” ჩვენზე ძლიერი იყო. ჩვენ კარში რვაჯერ დავარტყით და აქედან შვიდი მოიგერიეს. ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც გახდა კიდეც მარცხის მიზეზი, მაგრამ ხვალ ეს აღარ განმეორდება. უფრო რთული მატჩი იქნება, რადგან მეტოქის სუსტი მხარეები დავინახეთ.
არ ვამბობ, რომ “ნეფთჩი” სუსტია. ეს მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა შინ არა “ნეფთჩის” სიძლიერის, არამედ ჩვენი უხეში შეცდომების გამო დავმარცხდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იგივე აღარ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ.
მიუხედავად იმისა, რომ “ბაქსელ არენა” დიდად ტევადი არ არის, სტადიონი ფეხბურთისთვის ძალიან მოსახერხებელია. ბევრ არენაზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სტადიონი იშვიათად მინახავს. გარდა ამისა, არენის გარშემო საცხოვრებელი სახლები არის, რაც აზერბაიჯანული გუნდისთვის დამარტებითი პლუსია, ვინაიდან ფეხბურთელები უფრო მეტად გრძნობენ თავს საკუთარ კედლებში.
ჩვენც ვნახეთ “ნეფთჩის” შეცდომები და “ნეფთჩიმაც” ნახა – ჩვენი. ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, რადგან ორივე გუნდი მათ გამოყენებას ეცდება”, – ციტირებს ცხადაძის კომენტარს “აზერისპორტი”.
შეგახსენებთ, რომ “დინამოსა” და “ნეფთჩის” შორის “დინამო არენაზე” გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 1:2 დასრულდა. საპასუხო მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.