ბარელა: “ჩვენ და ესპანელებს ერთმანეთის მსგავსი ნაკრებები გვყავს”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ ევრო-2020-ის ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

“საოცარი ნახევარდაცვა ჰყავდა იმ ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ესპანელებს დღესაც მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათ დონეს მივაღწევთ და შესაძლოა, მათზე უკეთესადაც კი ვითამაშოთ.

სერხიო ბუსკეტსი უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მათ ჰყავთ პედრი და კოკე. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, ესპანეთის ნაკრების დამარცხებას ვეცდებით. რთული შეხვედრა იქნება. ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ნაკრებები გვყავს, ორივე გუნდს უყვარს მოედანზე ბურთის ფლობით დომინირება. იმედია, კარგი თამაში გამოვა და ფანტასტიკურ სტადიონზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ”, – თქვა ბარელამ.

მატჩი იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართება.

იტალიის ნაკრების განტვირთვა ესპანეთთან მატჩის წინ (ფოტო)

6 ივლისს, იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიელთა ბაზიდან ფოტოები გავრცელდა:

მბაპე კონტრაქტში “რეალში” გადასვლის პუნქტის ჩაწერას ითხოვს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მზადაა, მაგრამ შრომით ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის ჩაწერას ითხოვს. ფრანგი ფეხბურთელის სურვილია შრომით ხელშეკრულებაში იმ გამოსასყიდი თანხის ჩაწერა, რისი გადახდის შესაძლებლობაც მადრიდის “რეალს” ექნება.

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა კლუბებს კონტრაქტებში ფეხბურთელთა გამოსაყიდი თანხის ჩაწერას უკრძალავს. თუ მოთამაშესა და გუნდს შორის ასეთი შეთანხმება მაინც შედგება, კლუბი შესაძლოა, ლიგა 1-დან მოკვეთონ.

მადრიდის “რეალს” კილიან მბაპეს დამატება სურს და ამაზე მუშაობის გაგრძელებას მომდევნო სატრანსფერო პერიოდში აპირებს. ესპანურ გრანდში იმედოვნებენ, რომ მბაპე “პარი სენ-ჟერმენთან” აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თბილისის “დინამო” ორმა ლეგიონერმა დატოვა

თბილისის “დინამო” ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მონხილმა და სლოვაკმა ფილიპ ორშულამ დატოვა. ორივე მათგანთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ორშულა გუნდში კახა ჩხეტიანის დროს მოვიდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ მე-4 ლიგაში “დინამო 2-ში” თამაშობდა. თან, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით.

სამაგიეროდ, მონხილი ძირითადის წევრი იყო, თუმცა, როგორც, გავრცელებულ წერილში აცხადებს, პირადი მიზეზების გამო მოუწია “დინამოს” დატოვება.

“მინდა მივმართო დინამო თბილისის დიდ ოჯახს. დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და მე თქვენთან ერთად ეს შევძელი.

მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი.
სამწუხაროდ ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი.
გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. დინამოზე უამარვი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა.
მინდა კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ.
იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით – თქვენ ჩემი სახლი ხართ.
დღეს და სამუდამოდ – დინამო თბილისი!”, – ასე დაემშვიდობა მონხილი გუნდს, უკვე მეორედ.
ჩემპიონთა ლიგის წინ კლუბი კიდევ უფრო სუსტდება.

“როგორი ფეხბურთელი იყო და როგორი ადამიანია!” – გრილიში შევჩენკოზე

3 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებმა უკრაინა 4:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელთა შემტევმა ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მის მიმართ სიმპათია გამოხატა.

“მადლობა კარგი სიტყვებისათვის, ლეგენდავ! როგორი ფეხბურთელი იყო და როგორი ადამიანია!” – წერს გრილიში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში დანიას შეხვდება.

მესიმ რონალდუს საჯარიმოებიდან გატანილი გოლების მაჩვენებლით გადაასწრო

4 ივლისს, გამთენიისას არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ეკვადორის ნაკრები მარტივად დაამარცხა (3:0) და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთებზე 34 წლის ლეო მესიმ ეკვადორის ნაკრების კარი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით აიღო. ეს რიგით 58-ე გოლი იყო საჯარიმო დარტყმიდან ლეო მესის კარიერაში.

ზემოხსენებული მაჩვენებლით ლეგენდარულმა არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუს მაჩვენებელი გააუმჯობესა. კრიშტიანუს საჯარიმოდან 57 გოლი აქვს გატანილი. ამ ინფორმაციას ESPN ადასტურებს Opta-ს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ტრინკაუ საკუთარ ძალებს პრემიერ ლიგაში გამოცდის

“ვულვერჰემპტონის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდში კიდევ ერთი პორტუგალიელი ფეხბურთელი ითამაშებს. საუბარია “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფ ფრანსიშკო ტრინკაუზე.

როგორც ცნობილი ხდება, ტრინკაუ, რომელიც “ბარსელონაში” 2020 წელს გადავიდა “ბრაგადან”, ინგლისურ კლუბში ერთ სეზონს გაატარებს იჯარის წესით.

“ბარსელონას” მაისურით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 43 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. მან კლუბთან ერთად კოპა დელ რეის მოგებაც იზეიმა.

“ატლეტიკომ” ვიტოლო გაანათხოვრა

“ხეტაფეს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ატლეტიკოს” შემტევი ვიტოლო მომდევნო სეზონს მათთან გაატარებს.

31 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი უმეტესწილად სათადარიგოთა სკამზე გაატარა (მხოლოდ 454 წუთი ითამაშა) და დიეგო სიმეონეს სამომავლო გეგმებშიც არ შედის.

აღსანიშნავია, რომ ვიტოლო “ხეტაფეში” სამედიცინო შემოწმების გავლის გარეშე გადაბარგდა. ამ უკანასკნელმა ბოლო სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიტოლო “ხეტაფეში” ერთ სეზონს გაატარებს იჯარის წესით, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.

მირალემ პიანიჩს ლონდონში ეპატიჟებიან

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს მირალემ პიანიჩის გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი. ამ გზით “ბლაუგრანა” ფინანსური პრობლემების ნაწილის გადაჭრას აპირებს. თუმცა, მათ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ.

როგორც ცნობილი ხდება, 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “ტოტენჰემი” გამოთქვამს. ფაბიო პარატიჩის პიანიჩის არენდის წესით აყვანა სურს.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პიანიჩის ხელფასი ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალია – საუბარია კვირაში 271 000 ფუნტის ოდენობის თანხაზე. ასეთი მაღალი ხელფასი “სპურსის” რიგებში არავის არ აქვს.

პიანიჩი “ბარსელონაში” 2020 წელს გადაბარგდა, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მხოლოდ 30 მატჩის ჩატარება შეძლო, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ზუსტად ამ დღეს, 15 წლის წინ: გერმანია 0-2 იტალია (ვიდეო)

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ნახევარფინალური ეტაპი

გერმანია 0:2 იტალია
გოლები: გროსო 119′, დელ პიერო 120′

იხილეთ ვიდეო

დარჩება თუ არა ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრებში?

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადნრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ის და უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია იმსჯელებენ და გადაწყდება, დარჩება თუ არა ის ნაკრებში.

“ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და კიევში დავბრუნდებით, სადაც შედეგებს შევაჯამებთ. ამის შემდეგ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადაწყვეტილებას მივიღებ. დიდი დროა და არსად გვეჩქარება”, – განაცხადა შევჩენკომ.

შევჩენკო უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. მას მოქმედი ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება.