გაიოზ ჩარკვიანი: “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი შვილი ტყუილად არ გარდაცვლილა”

“ვიტ ჯორჯიას” 20 წლის ფეხბურთელი ვახო ჩარკვიანი დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ ოჯახი ექიმებს ადანაშაულებდა და დღეს ჩარკვიანის მამა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში კვლავ ექიმებს ადანაშაულებს.

“რეგულირების სააგენტოს მივმართეთ ლიცენზიების საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, მივმართეთ, ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოდან შუალედური დასკვნა მოვიდა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით 11 პუნქტში ედება ბრალი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. არაერთი საკითხია დასადგენი, კიდევ ბევრი დოკუმენტაცია და დასკვნა მოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას სჩადიოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია და მედპერსონალი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო ისტორია გაყალბებული და გადაწერილი იყო.

ერთ-ერთ სერიოზულ ინსტიტუტში გრაფიკულ-კალიგრაფიული დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარეთ. გვარებით და სახელებით არის გადმოცემული, თუ ვინ, რა დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას მოგვიანებით გავასაჯაროებ. სამედიცინო ისტორიის სავარაუდო გაყალბებასთან და ისტორიის გადაწერასთან გვაქვს საქმე, თუ რისთვის დასჭირდათ ეს, ამას გამოძიება დაადგენს. ეს ყველაფერი, რაც ისტორიაშია, გადაწერილია და ხელმოწერებიც გაყალბებულია, თითქოს, ესა თუ ის დანიშნულება ეძლეოდა ჩემ შვილს. გაყალბებული ისტორიიდანაც გვაქვს რეგულირების სააგენტოს დასკვნა, სადაც 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. რეგულირების სააგენტომ დაადგინა ექიმების მხრიდან გადაცდომის, შეცდომის, დაუდევრობის, გულგრილობის თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, სადაც თეთრზე შავად არის დაწერილი, რომ 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს, რაც ლიცენზიის ჩამორთმევას, ექიმობის შეწყვეტას და ა.შ. გულისხმობს. ამ ექიმების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლითაც უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა.

10 თვეა, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ექიმმა ჩვენება მისცა, ის სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, მან ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი დაადგინა.

მათ შორის, ჩემ შვილს არასწორად უკეთებდნენ აკრძალულ პრეპარატს, ის მედიკამენტი, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში უკეთდებოდა, პნევმონიის დროს აკრძალულია, ეს გახლავთ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 10-ჯერ აღემატება ჰეროინების ჯგუფს, ამას დამატებული მორფინი და კიდევ სხვა მედიკამენტები, რომელიც სასუნთქ ორგანოებს თრგუნავს და შესაძლოა, პაციენტის კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს, ამისთვის ნარკოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო. გადასხმები ინფუზიის წესით არასათანადოდ გააკეთეს, როგორ გაუძლო ამ ადამიანმა ამ ყველაფერს 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, არ ვიცი. გარდა ამისა, ჩვენც არაფერს გვეკითხებოდნენ, არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გამოიყენონ. ადვოკატებმა გამომძიებელს მივმართეთ, რომელიც ამ საქმეს გულისხმიერად მოეკიდა, ისინი ექსპერტიზას დანიშნავენ, ექსპერტებთან არაერთი კითხვა დაისმება, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება ესეც – შეეძლო თუ არა, გადამეტებული დოზით გაკეთებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ის შედეგი გამოეწვია, რაც ჩემი შვილის მიმართ დადგა.

საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, ჯალათი ექიმების მიერ იქნა ჩემი შვილი მოკლული, ყველა ექიმი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს, ამით ჩემი შვილი ვერ დამიბრუნდება, მაგრამ მისი სული მოისვენებს, ამასთან, საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, იმ ექიმთა ვინაობა, რომელთაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით.

გარდაცვალებამდე სახეზე, მხარზე, მუხლზე ნაიარევი, ასევე ჰემატომები ჰქონდა. ჩემი მეუღლე რეანიმაციაში შევიდა, შვილისთვის სურათების გადაღება მოვახერხეთ. მანამდე ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით მას და ეს დაზიანებები არ ჰქონია, როცა აპარატზე შეაერთეს, დაზიანებები გაუჩნდა. არ ვიცი, ალბათ, ვიღაცამ ჩემი შვილი ფიზიკურად შეურაცხჰყო. ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება აქვს მიცემული, რომლის მიხედვითაც, როცა ჩემი შვილის გაპატიოსნება ხდებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისმა მეგობრებმა იკითხეს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ვახტანგ ჩარკვიანს. კლინიკაში მათ უთხრეს, რომ ეს „ნაწოლი“ იყო, ყველას მოგვეხსენება, რომ ერთი თვის დაწოლილ პაციენტს, რომელსაც სხვადასხვა მხარეს აწვენდნენ, „ნაწოლი“ არ უჩნდება, ეს სრული აბსურდია”, – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ჯერ არ მიუღია.

40 წლის ხოაკინმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ხოაკინი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

40 წლის ნახევარმცველმა “ბეტისთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ხოაკინი ანდალუსიური კლუბის კაპიტანია. ის “ბეტისში” 2015 წლის აგვისტოდან თამაშობს.

ხოაკინმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის შარშან გუნდთან ერთად ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. ფეხბურთელს ორ კვირაში 41 წელი შეუსრულდება.

ჭიაბრიშვილი: “ვალდებულები ვართ “პაიდე” გავიაროთ”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონურ “პაიდესთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

“დღესდღეობით არავისზე წინ არ ვართ. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულნი არიან, არ გვაქვს ნერვიულობის საფუძველი, იქნება თუ არა ვინმე მოტივირებული. ჩვენ არ ვართ რეალურად ისე, რომ ვინმეზე ზემოთ ვიდგეთ. ეს დროც მოვა. 100%-ით მოტივირებულნი ვიქნებით და 100%-ით დავიხარჯებით.”

“ბათუმთან თამაში ძალიან კარგი იყო და ბევრი რამ დაგვანახა. არ ვფიქრობ, რომ კონკრეტული რგოლის პრობლემა იყო. მთლიანმა გუნდა ვერ ვითამაშეთ და მეტოქემ გვაჯობა. ბოლოს ჩანს ხოლმე მეკარე და მცველები. საერთოდ, ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. ძალიან რთული დროა სატრანსფეროდ. ვცდილობთ, კლუბმა ოპერატიულად იმუშავა და კარგი, ხარისხიანი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს შედეგის დადება. მთლიან განაცხადში იქნება, ჯერ ფუნქციონალურად სრულად მზად არ არის, მაგრამ ვნახოთ”

“ვალდებულები ვართ ეს თამაში გავიაროთ. რომ გავალთ, “არარატ-არმენიაზე” და სხვებზე მერე ვიფიქრებთ”

“კობოური-კუცია სრულფასოვანი წევრები არიან. კარგად გამოიყურებიან. თამაში რის საშუალებასაც მოგვცემს, ისე მოვიქცევით. მათ არ უთამაშიათ გარკვეული დრო”

“ბათუმში ფსიქოლოგიური პრობლემა ვერ ვნახე. კონკრეტული მატჩი იყო, მოგვიგეს და არც შიში და არც რიდი. მომენტები გამოიყენეს, ჩვენ ვამოვრჩით. სჯობს მოედანზე ჩანდეს რაღაც, ვიდრე ვილაპარაკო”

“სხირტლაძესთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გეგმა. ის უკვე მზად არის, დანარჩენს პროცესი გვანახებს”

“ხარაბაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია. როგორ განვითარდება, ეროვნულ ნაკრებში როგორ მოხვდება, მხოლოდ მასზე არის დამოკიდებული. ზოგი უფრო გვიან ყალიბდება, თუ რა უნდა. ლევანი მის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ჯერ ერთობა. როცა დაფიქრდება, რომ მისი ეროვნულში მოხვედრა შეიძლება, ბევრი ხალხის გახარება, თვითონ აწევს თავის ხარისხსს. სანამ თვითონ არ მოინდომებს, ვერავინ ვერ შეუწყობს მასზე მეტად ხელს”

 

შოთა არველაძეს ინგლისში ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

“ჰათაიასპორის” სპორტული დირექტორის მოადგილის განცხადებით, “ჰალ სიტის” გუნდის 2 ფეხბურთელის, მათ შორის, საბა ლობჟანიძის დამატება სურს.

ლობჟანიძის გადაბირებაზე არველაძემ ადრეც ისაუბრა და თურქების 5 მილიონიან მოთხოვნაზე ისაუბრა, რასაც “ჰალი” ვერ გასწვდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება.

“მე ძალიან მნიშვნელოვანი ტალანტი მომყავს თურქეთიდან. ეს ბიჭი ძალიან მომწონს. მინიშნების სახით, მისი სახელი 4 ასოსგან შედგება” – აჯუნ ილიჯალი, “ჰალის” მფლობელი.

გარდა ამისა, ლობჟანიძეს ნაკრებსა და თურქეთის სუპერ ლიგაში საკმარისი წუთებისა, გოლებისა და საგოლე პასების გამო, ინგლისში წასვლაში ხელი არ შეეშლება.

რონალდუ “ბარსელონაში”? პირველი კონტაქტი შედგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა.

AS-ის ცნობით, მხარეებმა პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალი განიხილეს. შეგახსენებთ, რომ რონალდუს “წითელი ეშმაკების” სატრანსფერო პოლიტიკა არ მოსწონს და “ოლდ ტრაფორდის” დატოვება სურს. რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, არის ალბათობა, რომ კატალონიელებმა რონალდუს დამატება სცადონ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა.

17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც დაცვაშიც ძალიან მაგრად ითამაშა და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა გააკეთა.

FIBA-ს კომენტატორს კი რატის ერთ-ერთ ჩაჭრაზე რეაქცია ქართულად ჰქონდა.

“მარსელი” იგორ ტუდორს ჩააბარეს

“მარსელის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორი დაინიშნა.

მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.

44 წლის მწვრთნელი გასულ სეზონში “ვერონას” თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იტალიის სერია A-ში მეცხრე პოზიცია დაიკავა.

“მარსელს” 2021 წლის მარტიდან ხორხე სამპაოლი წვრთნიდა, რომელიც 1-ელ ივლისს გაათავისუფლეს.

კრისტიან ერიქსენი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

კრისტიან ერიქსენი კარიერას, სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

ბრიტანული მედიის თანახმად, დანიელი ფეხბურთელი “წითელ ეშმაკებთან” სამწლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს. ერიქსენმა სამედიცინო შემოწმება უახლოეს პერიოდში უნდა გაიაროს.

30 წლის ფეხბურთელს შემოთავაზება “ბრენტფორდისგანაც” ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი 2022 წლის იანვრიდან “ბრენტფორდის” ღირსებას იცავდა. მან გუნდის რიგებში ათი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 30 ივნისიდან ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

რამდენ მილიონს მიიღებს ბათუმი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისგან?

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ოფიციალურად 1-ელ ივლისს შეუერთდა.

ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ რეალურად რამდენი გადაიხადა “ნაპოლიმ” ხვიჩას სანაცვლოდ და რამდენს მიიღებს აქედან ბათუმის “დინამო”.

მამუკა ჯუღელის განცხადებით, ეს ყაზანის “რუბინის”, “დინამოსა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” შეთანხმების საგანია და ის ამაში არ ერევა.

გარდა ამისა, ჯერჯერობით, ჯუღელის თქმით, მას ტრანსფერიდან აგენტის საკომისიო არ მიუღია და თუნდაც რამე რომ ვერ მიიღოს, მხოლოდ ხვიჩას იტალიაში წასვლით კმაყოფილი იქნება.

ცნობილი ინფორმაციით, “რუბინსა” და “დინამოს” შორის შეთანხმებაა და რადგან ევროპული გუნდები რუსულ გუნდებს ფულს არ გადაუხდიდნენ, საქმეში ბათუმი ჩაერთო და სწორედ ამის შემდგომ მოხერხდა კონტრაქტის გაწყვეტა.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, “ნაპოლიმ” ქართველში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. სავარაუდოდ, ამ თანხის მესამედს ბათუმელები მაინც მიიღებენ.

არჩილ ბერიძე ამ ინფორმაციას კონფიდენციალურს უწოდებს.

“რეალმა” რონალდუ გამორიცხა

მადრიდის “რეალმა” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხა.

გასული წლის ზაფხულში პორტუგალიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” დაბრუნება სურდა. ის დაუკავშირდა “რეალის” ხელმძღვანელობას და საკუთარი თავი შესთავაზა, თუმცა “ბლანკოსმა” აღნიშნული წინადადება არ განიხილა და მის განხილვას არც ახლა აპირებს.

საბოლოო ჯამში, რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა.

ამ უარის შემდეგ ფეხბურთელსა და “რეალის” ხელმძღვაენლობას შორის ურთიერთობა გაცივდა. ახლა რონალდუ “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას აპირებს, თუმცა ამჯერად “რეალთან” კონტაქტი აღარ ჰქონია.

“მარკას” თანახმად, მადრიდულმა კლუბმა სატრანსფერო სტრატეგია შეიმუშავა და მის შეცვლას არცერთი ფეხბურთელის გამო არ აპირებს. ახლა “რეალისთვის” გუნდური ატმოსფერო ინდივიდუალურზე მნიშვნელოვანია.

კილიან მბაპესთან დაკავშირებულმა სიტუაციამ დაარწმუნა “რეალის” ხელმძღვანელობა, რომ არ ღირს ისეთი ფეხბურთელის დამატება, რომელიც გუნდში არსებულ ატმოსფეროს საფრთხეს შეუქმნის.

სოლომონ კვირკველია – “ლესტერიდან” ბაქოს “ნეფთჩამდე”

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას ბაქოს “ნეფთჩიში” გააგრძელებს.

საუბარი იყო რუმინულ “სტიაუაზე”, თურქეთზე და სხვა ვარიანტებზე, თუმცა”ნეფთჩი” გამოვიდა.

კვირკველია ბოლოს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე “გაგრაში” თამაშობდა, სადაც “მეტალისტი 1925”-დან გადაბარგდა.

“მეტალისტამდე” იყო “ლოკომოტივი”, სადაც საბას საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ევროს სცდებოდა და მისი გადაბირებით პრემიერ ლიგის “ლესტერი” იყო დაინტერესებული. “ლესტერი” მასში 17 მილიონსაც იხდიდა.

თუმცა ფეხბურთელმა “ლოკოში” დარჩენა არჩია. შედეგად, დღეს “ნეფთჩში” გადასვლა მოუწია და მხოლოდ 1 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

საოცარი შემთხვევა მე-4 ლიგაში – “იბერია” მოედანზე 10 კაცით გავიდა და მოიგო!

საქართველოს მე-4 ლიგაში დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა.

“იბერიამ” “ოდიში” 3-1 დაამარცხა. ამ შეხვედრას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა “იბერიას” შემადგენლობა. გუნდი მოედანზე 10 კაცით გამოვიდა და პირველი ტაიმი 0-1 დათმო.

მე-2 ნახევარში “ოდიშმა” 3 შეცვლა განახორციელა, ალბათ, შედარებით “დაღლილმა” “იბერიამ” ქამბექი დადო და 3 გოლი გაიტანა. დუბლი არჩილ მორჩილაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი გიორგი ქუცურუამ გაიტანა.

“იბერიამ” ამ გამარჯვებით გასავარდნ ზონას დააღწია თავი.

ფოტო: Fcodishi