“რეალი” ასენსიოს ყიდის

მადრიდის “რეალმა” მარკო ასენსიოს ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

“სამეფო კლუბი” 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღებას აპირებს. “რეალმა” ასენსიოს გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფეხბურთელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასენსიოს დამატებით “მილანი” იყო დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიო “რეალის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან 2021-2022 წლების სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლუკას ლეივა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას ლეივამ რომის “ლაციო” დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით “გრემიოს” შეუერთდა, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში გავარდა. ლეივამ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის დეკემბრამდე გააფორმა.

“გრამიო” ლუკას ლეივას მშობლიური კლუბია. მან სწორედ ამ გუნდის რიგებში დაიწყო 2005 წელს პროფესიული კარიერა, 2007 წელს კი “ლივერპულს” მიაშურა. ბრაზილიელმა “ენფილდროუდელებს” მთელი ათი წელი შესწირა და მხოლოდ ინგლისის სუპერთასი მოიგო. 2017 წლიდან ფეხბურთელი “ლაციოს” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი დაისაკუთრა.

ჩელებაძე ძველ ისტორიას იხსენებს: “ჩივაძეს ხელი მაგრად ჩაავლო და საშა გაფითრდა კიდეც”

“დინამო თბილისის” ლეგენდარული ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე ძველ და უცნობ ისტორიას იხსენებს.

“მინსკში მე და ჩივაძე სასტუმროს გარეთ ვსეირნობდით. ჩივაძემ იქვე წარწერა დაინახა “თაფლი” და შევიდეთო მითხრა, შევედით. მაგრამ რა თაფლი, რის თაფლი? ბარია. იქვე ორი გოგო იჯდა, რომელთაც, უბრალოდ, რაღაცა შევეკითხეთ. უეცრად, ვიღაც ტიპი გამოვარდა, გოგოებს იცნობდა და ჩივაძეს ხელი მაგრად ჩაავლო. საშა ლამის გაფითრდა კიდეც”

“ვეუბნები, გაუშვი, რას აკეთებ, მაგრამ არ მოისმინა და ერთი დარტყმით ყველაფერი მოგვარდა, ადგილზევე გაითიშა. ამით ბარმენიც და იქვე მყოფებიც მადლობელები იყვნენ, რომ ეს არანორმალური მოვაშორეთ. უცებ კიდევ ერთი ვიღაც წამოვიდა ჩვენკენ დანით ხელში, მაგრამ, როცა დაინახა, რომ ფეხბურთელები ვიყავით, წავიდა” – თქვა ჩელებაძემ.

როგორ ატარებს დასვენების დღეებს კრიშტიანო რონალდუ (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დასვენების დღეებს იბიცაზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. პორტუგალიელს თან ჰყავს საკუთარი, 5.5 მილიონ ფუნტად შეფასებული იახტა.

იხილეთ ფოტოები

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელებმა 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან უკვე გამართეს მოლაპარაკება.

წყაროს თანახმად, ნეიმარის მომავალი პარიზში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რითაც “იუვენტუსი” აპირებს სარგებლობას, თუმცა ტურინელებს ბრაზილიელის ფინანსური მოთხოვნები აშინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას გეგმავს და ამ მიზნით კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. ნეიმარს პარიზში წლიურად 50 მილიონი ევრო ეძლევა და ის გუნდიდან გაშვების ერთ-ერთი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პსჟ”-ში 2017 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ დრომდე სარეკორდო თანხაა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს.

ლევან საგინაშვილის ჟესტი დევონ ლარატის პროვოკაციაზე (ვიდეო)

დუბაიში გამართულ King Of The Table 4-ზე ლევან საგინაშილმა კანადელი დევონ ლარატი უშანსოდ დაამარცხა. “ქართველმა ჰალკმა” ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქეს 6:0 მოუგო.

შეხვედრის დაწყებამდე და მის საწყის პერიოდში დევონ ლარატი ლევან საგინაშვილის გაღიზიანებასა და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. მაშინ, როცა ქართველმა მკლავჭიდელმა პირველი რაუნდი მოიგო, კამერებმა მისი ჟესტი დააფიქსირეს.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ, საგინაშვილმა ზედმეტი ემოციურობისათვის ბოდიში მოიხადა: “შეიძლება, ზედმეტად ემოციური გამოსვლა გამომივიდა და თუ ვინმე გავაღიზიანე, ბოდიშს ვიხდი.”

იხილეთ ვიდეო

ლევან საგინაშვილმა ლარატი უშანსოდ, 6-0 გაანადგურა (ვიდეო)

“ჰალკმა” მსოფლიო ლეგენდა დევონ ლარატის წინააღმდეგ საუცხოო ძალა აჩვენა და ლარატი 6-0 გაანადგურა. მეტოქეს არცერთ რაუნდში შანსი არ ჰქონდა.

ეს მე-3 რაუნდის ეპიზოდი.

“ლოკომოტივმა” ფინანსები იშოვა? გუნდს ახალი მეკარე, მცველები და მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო გუნდი “ლოკომოტივი” სეზონის დაწყების წინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო ფინანსების გარეშე დარჩა და თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა.

შესაბამისად, “ლოკო” ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადაერთო და ეროვნულ ლიგაში 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

ბოლო პერიოდში “ლოკომოტივმა” მოულოდნელად გაძლიერება დაიწყო და “საბურთალოდან” წასული 3 მოთამაშე დაიმატა – ოთო გოშაძე, დავით უბილავა და ნოდარ იაშვილი.

გარდა ამისა, გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელი ლექსო ინწკირველი და მის ნაცვლად ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ჯონ ვან ლოენი დანიშნეს.

მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მცირეა “ლოკომოტივის” ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი.

ფოტო:  Fclocomotive

 

“ინტერი” დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მილანის “ინტერი” პაულო დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, თუმცა მის დამატებამდე ორი თავდამსხმელის გაყიდვა მოუწევს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

“ნერაძურისა” და არგენტინელ ფეხბურთელს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში რაიმე ტიპის სიახლე არ ყოფილა, რასაც ხელი შეუწყო “ჩელსიდან” რომელუ ლუკაკუს დაბრუნებამაც.

“ინტერს” ფინანსური მიზეზების გამო ჯერ ორი ფორვარდის გაყიდვა მართებს. კლუბი მზად არის, ედინ ჯეკოს, ხოაკინ კორეასა და ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე შემოთავაზებებს მოუსმინოს. “ნერაძურის” პირველი ორი მათგანისგან რაიმე სახის წინადადება არ მიუღია, ალექსის სანჩესს კი “ვილიარეალი” იწვევდა, თუმცა ჩილელმა ტრანსფერზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერი” დიბალას წელიწადში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს. სიტუაციას აკვირდება “მილანიც”, თუმცა “როსონერი” არგენტინელი ფეხბურთელის ფინანსურ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

“გაგრადან” ლიდერები მიდიან

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

გუნდიდან სოლომონ კვირკველია წავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუმინულ “სტიაუაში” გადავა.

გუნდის ბომბარდირი მათე ვაწაძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

“გაგრას” ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი მათე კვირკვია კი ყაზახეთში მიდის.

კლუბი 18 ქულით ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილზეა.

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტესობა წარუმატებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ლადო საკმაოდ კარგ მენეჯერად ჩამოყალიბდა, მისი უცხოური ტრანსფერები ნაკლებად ამართლებს.

ლადომ ავსტრიიდან ლუკას გროცურეკი ჩამოიყვანა, რომელმაც 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. გროცურეკი ავსტრიის მე-3 ლიგაში წავიდა, არადა ბათუმში დიდი იმედებით ჩამოფრინდა.

უფრო დიდი იმედები მყარდებოდა ფრანგ ვამარა სანოგოზე, რომელმაც “დინამოში” ჩამოსვლიდან მალევე ტრავმა მიიღო, ფორმაში ვერ შევიდა და წავიდა.

ბათუმელებმა ახალი სეზონის წინ 30 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი დაიმატეს, თუმცა თუ შეკრებაზე მის თამაშებს დაკაკვირდებოდით, დენკოვიჩმა ძალიან არაკვალიფიციური ფორვარდის შთაბეჭდილება დატოვა.

და დღეს დენკოვიჩმა ევროტურნირების წინ “დინამო” დატოვა.

ძალიან დიდი ხანია განაცხადშიც არ გამოჩენილა განელი ცენტრალური მცველი აბრაამ ფრიმპონგი, არადა, ფრიმპონგს ბათუმის ყველაზე სუსტი რგოლი, ცენტრალური დაცვა უნდა შეევსო.

ამჟამად შემადგენლობაში 4 ლეგიონერია – აზაცკი, ტეიდი, ჯოვინო და რადინი. ჯოვინოს გარდა 3-ვე მათგანი ჯერ სხვა ქართულ გუნდში იყო და შემდეგ გადავიდა აჭარაში .

“დინამო” ორ კვირაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს და როგორც ჩანს, კლუბი მანამდე გაძლიერებას არ აპირებს.

 

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

“ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა კლუბის დატოვების შესახებ ჩემი გადაწყვეტილება მემცნო. ეცადნენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეეცვალათ, მაგრამ მე ის უკვე მივიღე. კლუბში გატარებული მთელი ეს პერიოდი სავსე იყო ემოციებით, აღმასვლებითა და დაღმასვლებით. მომეწონა ეს გამოწვევა.

“დერბიში” გატარებულ დროს დიდი სიამაყით გავიხსენებ. მადლობას ვუხდი პერსონალს, ფეხბურთელებს და ფანებს, რომლებიც საოცრად გვამხნევებდნენ. არასოდეს დაგივიწყებთ და იმედია, ისევ გიხილავთ უფრო გახარებულებს”, – აღნიშნა რუნიმ.

უეინ რუნი “დერბის” 2021 წლის იანვრიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობის პირობებში გუნდი ინგლისის ჩემპიონშიფიდან გავარდა. კლუბს ახლა სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.