კახა ცხადაძეს “დინამოში” ჭიაბრიშვილი შეცვლის

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ დატოვა და მის ნაცვლად გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს.

2 დღის წინ “დინამომ” წყალტუბოს “სამგურალთან” სტუმრად 2-1 წააგო და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩის მერე ცხადაძე კლუბის წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო იყო.

ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის “ლოკომოტივს” წვრთნიდა და “ლოკოდან” წამოსვლის შემდეგ, სწორედ “დინამოს” მატჩების კომენტატორი იყო.

ლუკა წულუკიძე “ურალში” დაბრუნდა

რუსული “ურალის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდში 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე დაბრუნდა.

“ლუკა წულუკიძე, რომელმაც თებერვალში მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ რამდენიმე თვე კონტრაქტი შეჩერდა, გუშინ ეკატერინბურგში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ასევე, მონაწილეობა მიიღო ვარჯიშში” – წერს “ურალის” ოფიციალური გვერდი.

წულუკიძეს აგენტი ირაკლი ლილუაშვილია, რომელმაც ის და ლუკა გაგნიძე ომის დაწყებიდან მალევე გუნდიდან წამოიყვანა. ლილუაშვილი ამბობდა, რომ 30 ივნისამდე უნდა მოენახათ ახალი ნავსაყუდელი და შემდეგ რა იქნებოდა, მისთვის უცნობი იყო.

გაგნიძე პოლონურ “რაკუვში” წავიდა, წულუკიძე “საბურთალოში”. ახლა ერთი ლუკა სანქცირებულ რუსეთში აღმოჩნდა. უცნობია, გამოისყიდის თუ არა “რაკუვი” გაგნიძეს.

 

 

რომან დოლიძემ და გურამ ქუთათელაძემ წონები ჩააბარეს (ვიდეო)

18 ივნისს, 23:55 საათიდან UFC Fight Night-ზე ორი ქართველი იბრძოლებს. ღონისძიებას 00:00 საათიდან რომან დოლიძე გახსნის, რომელიც ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდება.

დაახლოებით 03:30 საათზე ოქტაგონზე გურამ ქუთათელაძე გამოვა, ის რუს დამირ უსმაგულოვს შეხვდება.

ბრძოლებამდე ერთი დღით ადრე ქართველმა მებრძოლებმა წონა ჩააბარეს და საკუთარი ოპონენტების პირისპირაც წარსდგნენ.

იხილეთ დოლიძის გამოსვლა 05:11-დან
იხილეთ ქუთათელაძის გამოსვლა 17:24-დან

როდის დაბრუნდება ლაშა ბექაური ტატამიზე? სავარაუდო დრო ცნობილია

ლაშა ბექაური 2021 წლის 28 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ქვეყანას ოლიმპიადაზე მაშინ პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო, რომელიც მას მატჩების მიმდინარეობისას აწუხებდა, ბექაური უკვე თითქმის ერთი წელია ოფიციალურ შეჯიბრებაზე არ გამოსულა.

გუშინ, ანადოლუს სამედიცინო ცენტრში სპორტსმენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ტექსტში იყო აღნიშნული, ლაშა ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ესტუმრა ცენტრს.

ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა, წინასწარი ინფორმაციით, 26 ნოემბერს არის ჩანიშნული და შესაძლოა, სწორედ ამ ტურნირზე აპირებს ბექაური ტატამზე დაბრუნებას.

5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებოდნენ!

ბათუმის “დინამოს” ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება.

მიუხედავად “დინამოს” საკმაოდ სოლიდური შემადგენლობისა, გუნდს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება, რათა ლიგაზე ღირსეულად წარსდგეს. წარმოგიდგენთ 5 ქართველს, რომლებიც ბათუმს ევროტურნირებზე გამოადგებოდნენ.

ლაშა შინდაგორიძე “საბურთალოდან” რამდენიმე დღის წინ წამოვიდა. ლაშას ყუმბარისებული დარტყმა აქვს და მატჩის გადაწყვეტა სრულიად მარტოს შეუძლია.

“დინამოს” მთავარი პრობლემა დღეს ცენტრალური დაცვაა. საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა უნგრული “ფერენცვაროში” დატოვა და ჯერჯერობით, უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. დვალი “დინამოს” დაცვისთვის ძალიან დიდი ძალა იქნებოდა.

ვაგნერ გონსალვეში გორის “დილას” ღირსებას იცავს, მაგრამ უკვე ეძებს კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს. კარგად გამოჩნდა გასულ თამაშებში, რომ ის მართლაც მაღალი დონის ლეგიონერია. ვაგნერს ბათუმში ერთხელ უკვე უთამაშია

თორნიკე ოქრიაშვილმა “აპოელი” დღეს დატოვა და უკვე გაისმა ხმები მისი ბათუმში ჩამოსვლის შესახებ. ოქრი იმ მცირე ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და საერთოდ არაა გამორიცხული საქართველოში ჩამოვიდეს. თან, “დინამოს” ხვიჩას სახელფასო ბიუჯეტი გაუთავისუფლდება, რაც, შეიძლება, ოქრიაშვილისთვის გამოიყენოს.

და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთია, ვისაც ხვიჩა კვარაცხელიას სრულად შეცვლა შეუძლია. ჩაკვე 3 კვირის განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობდა ნაკრებში და მეტ-ნაკლებად, ფორმაშიც არის. მას ბელგიაში დაბრუნება არ სურს და “გენტი” განათხოვრებას აპირებს.

“დინამო” პირველ ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება.

“ინტერი” ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ მილანის “ინტერი” რომელუ ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს. წყაროს თანახმად, “ნერაძურიმ” ბელგიელ ფეხბურთელს ადგილობრივ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუნიშნა.

“ინტერს” სურს, რომ ლონდონის “ჩელსისთან” გარიგება ამ უქმეებზე დახუროს, რათა ფეხბურთელის წარგდენა მომდევნო კვირაში მოხდეს.

ლუკაკუ “ინტერში” იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც მილანელები დაახლოებით 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ბელგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში “ჩელსის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკაკუსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს.

“ბაიერნში” სადიო მანეს ტრანსფერს ადასტურებენ

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე კარიერას ბავარიულ გუნდში გააგრძელებს.

“სადიო მანე “ბაიერნში” გადმოდის”, – თქვა სალიჰამიჯიჩმა “სქაი სპორტსის” ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ბავარიულ კლუბს 40 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება.

სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

ბექა მიქელთაძე: “ბარსელონასთან” თამაშზე უარის თქმას არ ვნანობ!”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრალიური “ნიუკასლის” თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ Fanebi.com-თან “ბარსელონასთან” თამაშზე უარის თქმაზე, ნაკრებზე და კარიერის გაგრძელების პერსპექტივაზე მოკლედ ისაუბრა.

“ბარსელონასთან” თამაშზე უარის თქმას, რა თქმა უნდა, არ ვნანობ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნაკრები ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი რამეა”

“კიდევ ერთი სეზონი დავრჩები იქ, სადაც კარგად ვგრძნობ თავს. შემდეგ ვნახოთ სად გადავალ. რა თქმა უნდა, მსურს ევროპაში დაბრუნება”.

შეგახსენებთ, რომ მიქელთაძეს ნაკრებში ჩამოსვლამდე “ბარსელონას” წინააღმდეგ შეეძლო გამოსვლა, მაგრამ ნაკრებში ადრე ჩამოსვლის გამო უარი განაცხადა. სანიოლმა ის ქვილითაიას ნაცვლად გამოიძახა, მაგრამ მატჩების განაცხადში არ შეუყვანია.

“რომას” რონალდუს დამატება სურს

იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს.

წყაროს თანახმად, 37 წლის პორტუგალიელი “წითელი ეშმაკების” თავკაც ერიკ ტენ ჰაგის ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდება.

ფეხბურთელის დამატების სურვილს “რომა” გამოთქვამს, რომელსაც გუნდში ჟოზე მოურინიო-კრიშტიანუ რონალდუს ტანდემის შექმნა სურს. იტალიური კლუბის პრობლემა ფინანსური ფეარ-პლეია. შესაძლოა, “მგლები” პორტუგალიელი მოთამაშის სახელფასო ანაზღაურებას ვერ გასწვდნენ.

კრიშტიანუ რონალდუმ 2021-2022 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობილი იტალიელი აგენტი: “ხვიჩას ინსინიეს მემკვიდრედ გამოცხადება ადრეა”

ცნობილმა იტალიელმა აგენტმა ალესანდრო კანოვიმ ხვიჩა კვარცხელიაზე და დეულოფეუზე ისაუბრა, რომლის დამატება “ნაპოლის” სურს.

“დეულოფეუ გამოცდილი მოთამაშეა და მას შეუძლია მისი ასაკიდან და ტექნიკური არსენალიდან გამომდინარე, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს. კვარაცხელია? ძალიან საინტერესო მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, შეძლებს იტალიაში ადაპტაციას და განსაკუთრებით, ისეთი დიდი საფეხბურთო ოსტატის ხელში, როგორიც ლუჩანო სპალეტია. ჯერ ნაადრევია მისი პირდაპირ ინსინიეს მემკვიდრედ გამოცხადება, მასზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ. ძალიან ბევრი სამუშაო ექნება, მაგრამ უდავოა, ნიჭი აქვს” – განაცხადა კანოვიმ.

ხვიჩა ნეაპოლში ივლისის დასაწყისში ჩავა.

გადაწყვეტილია: “გენტი” ჩაკვეტაძეს იჯარით გაუშვებს

ბელგიური გამოცემა voetbalkrant თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “გენტი” გიორგი ჩაკვეტაძეს ამჯერადაც იჯარით გაუშვებს.

ჩაკვეტაძეს “გენტის” მთავარ მწვრთნელ ჰეინ ვანჰეზებრუკთან კონფლიქტი აქვს და გარდა ამისა თვითონაც არ სურს ბელგიაში დარჩენა.

ჩაკვეს კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი და ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ არის. ვრცელდება თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “დინამოს” ვარიანტებიც.

ლევან კობიაშვილი: “მსგავს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს!”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გუშინ ხაშურის “ივერიასა” და “გლდანის” ფეხბურთელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.
არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!
15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება” – წერს კობიაშვილი.