საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.

ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული – როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა.

ჩართულ მხარეებთან ერთად, ხანგრძლივი კვლევის, კონსულტაციების და ინტერვიუების შედეგად, ნაკრების მიმდინარე ცხოვრების საერთო სურათი გამოიკვეთა და ეროვნული ნაკრების თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, მყარი იდეოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბება გადაწყდა.

ლევან კობიაშვილი: „ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება. ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის კონტექსტს და პრობლემატიკას.“

ფილოსოფია

პირველ რიგში, შემუშავდა ბრენდის პლატფორმა, რომლის უმთავრესი იდეა სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარებაა, რადგან სწორედ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა ხდის ეროვნულ ნაკრებს კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქერტიპი გმირია. ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასახულობით, სხვებსაც შთააგონებს.

ტატა მატვეევა (ქალთა ნაკრების კაპიტანი): „ყველა სპორტსმენი უნდა ფიქრობდეს, როგორ განავითაროს საკუთარი თავი, როგორ იყოს ყოველდღე უკეთესი და არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით და გააკეთოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ცხადია, ამისთვის დიდი ნებისყოფა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.“

სიმბოლიკა

ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა თავად ჩვენი ქვეყნის გერბზეა გამოსახული – წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა.

ამ სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა – ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. სწორედ ამიტომ იქცა ამ სიმბოლოს განახლებული, თანამედროვე ვარიაცია ეროვნული ნაკრების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად.

სიმბოლოს მოყვა ვიზუალური სტილიც. მასში გამოყენებული უნიკალური “პატერნი” ქართულ ხასიათსა და სიმბოლიკას ჰარმონიულად აერთიანებს ბრენდის იდენტობასთან.

ვერბალური იდენტობა

“მე ვარ საქართველო” – ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს.

ამ ფრაზას, ერთის მხრივ, ამბობს ბრენდი, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს და თავიდან ეცნობა სამყაროს, მეორეს მხრივ, ამბობს ფეხბურთელი რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ყოველდღიური ძალისხმევით მუდმივად ვითარდება, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად ახდენს კონტრიბუციას საერთო საქმეში და ასევე ამბობს გულშემატკივარიც, რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს.

გურამ კაშია (ვაჟთა ნაკრების კაპიტანი): „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინსპირაციის მომცემი ფრაზაა “მე ვარ საქართველო” – მე ვიაზრებ პასუხისმგებლობას, რომ ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი – გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ პასუხისმგებელი. ეს მთელმა ერმა უნდა გავითავისოთ – ყველაფერი ჩვენგან იწყება და თითოეული ჩვენგანი ვართ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე პასუხისმგებელი.“

უნიკალური დიზაინის ფორმა

ბოლოს, შეიცვალა საფეხბურთო ნაკრების ფორმების დიზაინიც – ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ახალ ეტაპზე გადასასვლელად, უპირველესად, არსებული პრობლემების გაანალიზება, მისი მიზეზების ძებნა და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო.

მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს?

არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენ წარმატებას.

ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს – “მე ვარ საქართველო” – ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე.

მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად გვჯეროდეს ამ სიტყვების, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვთქვათ, რომ დიახ, სწორედ მე ვარ საქართველო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს გუნდი, ეს ქვეყანა წარმატებული იქნება.“

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ ვერ გადაგვქონდა ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატება გუნდურ წარმატებაში. ვერ შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი სიძლიერე.

ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ წარმატებისთვის ინდივიდუალურად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება, გულშემატკივარი თუ ფეხბურთში ჩართული სხვა პირი – ყველამ ჩვენი საუკეთესო შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

თუ მე არ მივცემ მაგალითს, რომ მე ვაკეთებ ჩემს საუკეთესოს, ვერც სხვას მოვთხოვ ამას. თუ გუნდში თითოეული ინდივიდი ძლიერია და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, საბოლოოდ მთელი გუნდი წარმატებულია.

ახალი ლოგოც სწორედ ამ იდეოლოგიას ატარებს – ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ყოველთვის ჩვენივე თავია. როცა წარმატების მიღწევა გვინდა, პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა დავამარცხოთ.

ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გვინდა და ვთვლი, რომ ახლა ყველაზე სწორი და კარგი დროა ახალი ეტაპის დასაწყებად და ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტია ქართულ ფეხბურთში.“

ვილი სანიოლი (ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვახსენებთ, მხოლოდ გუნდს არ მოვიაზრებთ – ეს არის ის ღირებულებები, ფასეულებები და კულტურა, რომლებიც ამ გუნდის უკან დგას.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია აღნიშნული ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გარდა, მიეკუთვნებოდეს ძლიერ ინსტიტუციას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული, საქვეყნოდ ცნობადი მახასიათებლები აქვს. ფილოსოფიაც ხომ ჩვენს თავში არსებული ხმაა, რომელიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რა გვინდა და რა მიზნები გვაქვს, საით მივისწრაფვით.

ფეხბურთელები იცვლებიან, თუმცა ბრენდის ღირებულებები და იდენტობ რჩება, ამიტომ, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მყარად დამკვიდრება სპორტის ინდუსტრიაში – მკაფიოდ განსაზღვრა, რა არის გუნდის ფასეულობები, საით აქვს გეზი აღებული, ა.შ.

ვთვლი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისში ვართ და ძალიან მიხარია, რომ ამ ცვლილებების დამსწრე და თანამონაწილე “სტუმარი” მეც გახლავართ.“

ვატო ქავთარაძე (ვინდფორსის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი): ქართული ფეხბურთი, როგორც ბრენდი, საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ეს ეპოქა დასრულდა და ჩვენმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებელი საფეხბურთო ფილოსოფიის შექმნა, რომელზეც შემდეგ მთელი დარგი და სამოქმედო სისტემა დაშენდებოდა.

ჩვენ უბრალოდ ინერციით გავაგრძელეთ სვლა და, შესაბამისად, დღემდე ექოსავით მოგვყვება პრაქტიკულად ყველა ის მანკიერი და დრომოჭმული სააზროვნო მოდელი, რომელიც საბჭოთა სისტემას ახასიათებდა.

უმთავრესი და ყველაზე დესტრუქციული, რაც იმ ეპოქას ახლდა, იყო კოლექტივიზმი – სადაც ინდივიდები, მათი შესაძლებლობების მიუხედავად, ხელოვნურად თანაბრდებოდენ ერთმანეთთან. სისტემა მთლიანად შეზღუდვებზე, ლიმიტებზე და იერარქიულ შიშზე იყო აგებული. ის რკინის ფარდა, რომელიც ჩვენ თავისუფალი სამყაროსგან გვყოფდა, ისეთ ჩარჩოებს ქმნიდა ჩვენ ცნობიერებაში, რომლებიც ამ სამყაროსთან ჩვენ სრულფასოვან ინტეგრაციას შეუძლებელს ხდიდა – მას შემდეგაც კი, რაც ეს ფარდა ჩამოიშალა.

ამიტომ, ამ კოლექტივიზმისგან ერთხელ და სამუდამოდ გასათავისუფლებლად, ჩვენ მას ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ – სწორედ ის, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას და რაც განასხვავებს მას საბჭოურისგან.

ახალი ბრენდ პლატფორმის მთავარი ქვაკუთხედი ინდივიდია – ინდივიდი, რომელსაც აქვს უნარი თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მუდმივი თვითგანვითარების რეჟიმში წარმართოს თავის ცხოვრება და სპორტული კარიერა.

მხოლოდ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარ ერთობას აქვს შანსი აქციოს ეროვნული ნაკრები კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.“

“ვალენსიაში” მამარდაშვილის ბედი ამ კვირაში გადაწყდება – ბოსები

“ვალენსიას” პრეზიდენტი ენილ მარტი ამ კვირაში სინგაპურში გაფრინდება, სადაც გუნდის მფლობელ პიტერ ლიმს შეხვდება.

მარტი და ლიმი ახალ კონტრაქტებზე, ფეხბურთელების გაყიდვებზე და ტრანსფერებზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, ამ შეხვედრაზე გადაწყდება მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ბედიც.

საუბარია, რომ ბორდალასს “ვალენსიადან” გაუშვებენ და მის ნაცვლად 2 კანდიდატურა სახელდება –  პორტუგალიელი რუი ვიტორიო და ყოფილი გრანადელი დიეგო მარტინესი.

ბოსები იმსჯელებენ მამარდაშვილის საკითხზეც, რადგან მის სანაცვლოდ მინიმუმ ერთი შეთავაზება აქვთ – “ვილიარელიდან” და გარდა ამისა, მას სხვა გრანდებიც აკვირდებიან. გიორგი სატრანსფერო ბაზარზე 12-15 მილიონად ფასობს.

“ვალენსიას” ფინანსური კრიზისი აქვს და დიდი ალბათობით, ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

 

შეთანხმება “რუბინთან”, მაგრამ – 24 მილიონი ბათუმის “დინამოს”?

“რუბინმა” კვარაცხელიას კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა და კვარა დროებით ბათუმის “დინამოში” თამაშობს.

“დინამოში” გადმოსვლაში დიდი როლი სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა, მამუკა ჯუღელმა და არჩილ ბერიძემ ითამაშეს.

კვლავაც უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე თანხას “რუბინი” “ნაპოლისგან” გადახდილი 8-10 მილიონი ევროდან, რამდენი ერგება აგენტს და სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ ფაქტია, “დინამო” სულ მცირე რამდენიმე მილიონ ევროს გამომუშავებას შეძლებს და ეს ყველაფერი, პრაქტიკულად არსაიდან.

“რუბინის” გენ.დირექტორი რუსტემ საიმანოვი აცხადებს, რომ მათ შეთანხმება აქვთ და ტრანსფერიდან ფული უნდა მიიღონ, მაგრამ ეს ყველაფერი Uefa-ზე იქნება დამოკიდებული.

თუ “რუბინი” საერთოდ ნულზე დარჩა, Uefa-მ რუსულ კლუბებს ყველანაირი ფინანსური გზა გადაუკეტა, მაშინ მხოლოდ ბათუმელებს შეეძლებათ 20 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხონ.

გარდა ამისა, “რუბინი” ხვიჩას მადლობას უხდის, რომ სანაკრებო პაუზამდე არ წავიდა და სხვა ლეგიონერებს არ აჰყვა.

“დინამოს” სხვა ფეხბურთელებით, მათ შორის – აზაროვით, ჩაბრაძეთი, ჯოვინოთი, ალთუნაშვილითა და მამუჩაშვილით ევროპული კლუბები ინტერესდებიან.

ზაზა ჯანაშია: “UEFA რაღაც დებილობას რომ წერს, რა ქვია მაგას?”

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “დინამოს” პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ “ფორმულასთან” ინტერვიუში დისკვალიფიკაციის შემდეგ ასეთი რამ განცხადა.

“უარვყოფ, აბა, არ უარვყოფ, კაცო, ვერ გავიგე? რას მელაპარაკები?! არ არსებობს მაგნაირი რაღაცა, თან, ჩემს კლუბში და ჩემს გუნდში. რაღაცა… უეფა რაღაცა „დებილობას“ რომ წერს, მაგას მე ახლა, მაგას კი არა, იმას ვერ დავუჯერებ… რაქვია მაგას..”

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

  • ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე  დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
  • ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;
  • გარდა ამისა, ფეხბურთელებს 6-12 თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმები დაეკისრათ.

“გაუგზავნეთ მესიჯი ჰაკანს!” – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩალჰანოღლუს დასცინა (ვიდეო)

22 მაისს, “მილანმა” სერია A-ს ბოლო ტურში “სასუოლო” სტუმრად 0:3 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი კლუბის ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

გუშინ, 23 მაისს, “მილანის” ფეხბურთელებმა ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში ფანებთან ერთად იზეიმეს. ერთ ეპიზოდში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყოფილ თანაგუნდელს, ჰაკან ჩალჰანოღლუს დასცინა და “როსონერის” ფანებს თურქი ფეხბურთელის საწინააღმდეგ შეძახილებისაკენ მოუწოდა.

“გაუგზავნეთ მესიჯი ჰაკანს! თქვენი ხმა არ მესმის. გაუგზავნეთ მესიჯი ჰაკანს!” – ამბობდა იბრაჰიმოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ჩალჰანოღლუმ “მილანი” 2020-2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და “ინტერს” შეუერთდა. 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სერია A-ს გასულ სეზონში “მილანს” გოლი გაუტანა და ის პროვოკაციულად აღნიშნა.

მბაპემ “რეალის” ფანებს მიმართა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მადრიდის “რეალის” ფანებს მიმართა და აუხსნა მათ, თუ რატომ ამჯობინა “სამეფო კლუბში” გადასვლას პარიზში დარჩენა.

“მადლობას ვუხდი “რეალს” და მის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს. ასეთი კლუბის ინტერესის ობიექტად ყოფნა პატივი და პრივილეგია იყო. რეალის” ფანების მადლიერი ვარ. თუ არ ჩავთვლით 14 წლის ასაკში ერთკვირიან პერიოდს, ამ კლუბის მაისური არასდროს ჩამიცვამს, თუმცა მადრიდელები ყოველთვის თავისიანად მიღებდნენ და ასეთი დამოკიდებულებისთვის მადლიერი ვარ.

“რეალის” ფანების იმედგაცრუების მესმის, მაგრამ, იმედია, ისინი გამიგებენ. მე სამშობლოში დარჩენა მსურდა. ფრანგი ვარ და მინდა, რომ განვითარება გავაგრძელო იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე და რომელიც ოცნებების ახდენის შესაძლებლობას მაძლევს”, – მბაპეს კომენტარს MadeinFoot-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

“ოქროს ბუცი” ზედიზედ მეორედ

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი 2021-2022 წლების სეზონის შედეგებით “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა.

პოლონელმა ფეხბურთელმა 35 გოლი გაიტანა და 70 ქულა მოაგროვა (გოლების რაოდენობა მრავლდება 2-ზე ანუ ტურნირის კოეფიციენტზე). აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი “ოქროს ბუცის” გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. შარშან მან 41 ბურთი გაიტანა.

მეორე ადგილი 28 გოლით “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა კილიან მბაპემ დაიკავა (56 ქულა).

მესამე-მეოთხე პოზიციები 27-27 გატანილი ბურთით რომის “ლაციოს” თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ და მადრიდის “რეალის” შემტევმა კარიმ ბენზემამ დაიკავეს (54-54 ქულა)

მოგებული “ოქროს ბუცის” რაოდენობით რეკორდსმენი “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი გახლავთ, რომელსაც ეს ჯილდო ექვსჯერ აქვს დასაკუთრებული. სიაში ოთხი “ოქროს ბუცით” მეორე ადგილზეა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ.

საიმანოვი: “ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა ეკუთვნის”

ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტევ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩა ახლა “ნაპოლიშია”. ის მოთხოვნადი ფეხბურთელია. არავითარი პრობლემა არ მქონდა მისი გაყიდვის, მაგრამ არ ვნანობ, რომ ადრე არ გავყიდე. არ ვიცოდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. სასარგებლო იყო კლუბისთვის და გვეხმარებოდა. ხვიჩას მადლობა ეკუთვნის, რადგან სანაკრებო პაუზამდე ჩვენთან იყო, სხვა ლეგიონერებმა კი მანამდე დაგვტოვეს”

“შეთანხმება გვაქვს და ტრანსფერიდან თანხა “რუბინმა” უნდა მიიღოს, მაგრამ ყველაფერი Uefa-ზე არის დამოკიდებული. შესაძლოა, ფული ვერ მივიღოთ და უარესისთვის მზად ვართ”, – განაცხადა საიმანოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლი” ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდის.

ზურაბ დათუნაშვილი: “ნიკა გვარამიას დაჭერა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა”

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი კომენტარს აკეთებს.

“დღეს რაც ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა. ეს არის რაღაც შერჩევითი სამართალი, როცა უნდა დაიჭერენ, მარტო ისეთ ხალხს სწირავენ, რომლებიც არ აწყობთ. ნიკა გვარამიას დაჭერა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა და თავისუფალ მედიაზე შეტევა”

“ასეთი პოლიტიკა აქვთ, ჯანსაღ საზოგადოებას უქმნიან ისეთ პირობას, რომ ქვეყანა დატოვონ და შემდეგ მართული ხალხი ჰყავთ ქვეყანაში. ცოტა გამოფხიზლება სჭირდება ამ ხალხს. თითქოს შეაგუეს, რომ ეს არის ნორმალური ცხოვრება და არადა, არ არის, ქართველო ასე არ არის. მეტს ვიმსახურებთ. ეს ნორმალურაი და ყველა ქვეყანაში ესე ხდება”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ხატია დეკანოიძეს. მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო სერბეთში წასვლა მოუწია და სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღო.

 

 

რომელი ფეხბურთელები დასაჯა ფეხბურთის ფედერაციამ მატჩების ჩაწყობის გამო?

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის „დინამოსა“ და საფეხბურთო კლუბ თბილისის „შევარდენი 1906“-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ.

სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის „დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით – სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას – 5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს – 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს – 2 000 ლარი.
სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ს.კ თბილისის „შევარდენი 1906“-სა და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით – სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს – 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი.
სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არგასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

თემურ ქეცბაია: “ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ეს არის მათი ვალდებულება”

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

“„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ეს არის მათი ვალდებულება.

ამისულაშვილმა დამირეკა თამაშამდე 2-3 კვირით ადრე და მითხრა, დავიღალე, უკვე მიჭირს – აქაც-იქაც, გადასხმებს ვიკეთებ, პლუს ამას ემატება ის, რომ ნაკრებში ბიზნესკლასით არ მამგზავრებენ, ფეხებს ვერ ვშლი და დავიტანჯეო.

პირდაპირ ვუთხარი, პირველ რიგში, ჩასაფრებული ჟურნალისტები გამოაცხადებენ, რომ ჩემთან კონფლიქტი გაქვს-მეთქი.

ასეთი ხალხი წავიდეს თავის გზაზე. არავის არ შევეხვეწები, თან არც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ვეხვეწოთ.
ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ იტყვის, რამ დაგღალა 31 წლის კაცი?! ან რას ვთხოვთ ისეთს ნაკრებში?! ჩამოვიდეს და წელიწადში 3 თუ 4 მატჩი ჩაატაროს“.

ამისულაშვილი ქეცბაიას ამ სიტყვებს გამოეხმაურა:

„ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ მომითხოვია, რა ბიზნესკლასი?! თუ სადმე წავსულვარ, ყველგან ჩემი ფულით წავსულვარ. 2 საათის განმავლობაში ჩაიხვია ჩემი გვარი, თითქოს ჩემი შეცდომა იყო, რომ ნაკრებმა რაღაც წარმატებას ვერ მიაღწია. მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. ნაკრების მწვრთნელი როგორც იქცევა, მგონი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც არ იქნება კომფორტული მასთან ერთად მუშაობა“.

გიორგი მამარდაშვილის საოცარი პირველი სეზონი ლა ლიგაში

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში პირველი სეზონი საოცრად მაგარი გამოუვიდა და თბილისის “დინამოდან” 850 ათას ევროდ შეფასებული მეკარე, დღეს 20 მილიონად ფასობს. აჯობა “ბარსელონას” ყოფილ მეკარე იასპერ სილესენს, 9 წლის ვალენსიელ ხაუმეს და 5 თვე უთამაშებელი არ დანებდა.

18 მატჩი
55 სეივი
8 მშრალად შენახული კარი
1.1 გაშვებული გოლი
3.1 სეივი მატჩში (73)
3-ჯერ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (მეფე)
კოპა დელ რეის ფინალი

ახლა მამარდაშვილი ნაკრების ივნისის შეკრებაზე ჩამოვა და შეეცდება, ნაკრების პირველი მეკარეც გახდეს.