პეპე: „ბუსკეტსი მატყუარაა“
მადრიდის „რეალის’’ მცველი პეპე „ბარსელონას’’ ნახევრმცველ სერხიო ბუსკეტსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ელ კლასიკოს’’ მიმდინარეობისას პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის თავზე ფეხი არ დაუბიჯებია.
„არავინ არ არის ისეთი სულელი, რომ ამ ეპიზოდის ამსახველი ფოტოს ხილვის შემდეგ ბუსკეტსის სიტყვები დაიჯეროს. კაცობრიობის ერთ-ერთი ფასეულობა პატიოსნებაა, რომელიც ადამიანს მომხდარ ფაქტს აღიარებინებს და ბოდიშსაც ათქმევინებს. ბუსკეტსის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, „რეალში’’ ჩემი ადგილი აღარ იქნებოდა. ბევრს მოუნდებოდა გუნდიდან ჩემი გაძევება, ხალხს ესპანეთში ჩემი ხილვის სურვილი აღარ ექნებოდა. მე „მკვლელის’’ იმიჯი მომარგეს და ქვეყნიდანაც უპრობლემოდ გამაძევებდნენ. არა უშავს, ფეხბურთში მსგავსი იარლიყის მიკერება ხდება ხოლმე. ამის მიუხედავად, მე ბედნიერი ვარ „რეალში’’, – პეპეს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.