პიკე: “გულზე არ მეხატება ზოგიერთი, რომელთა დანახვაც “სანტიაგო ბერნაბეუს” ლოჟაშია შესაძლებელი”
“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მადრიდის “რეალი” გააკრიტიკა და “სამეფო კლუბი” კატალონიური გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.
“მე არ მომწონს “რეალის” ღირებულებები და ამ კლუბში არასდროს ვიმუშავებდი. “რეალის” ბევრ ფეხბურთელს ვაფასებ, ისინი ჩემი მეგობრები არიან. გულზე არ მეხატება ზოგიერთი ადამიანი, რომელთა დანახვაც “სანტიაგო ბერნაბეუს” ლოჟაშია შესაძლებელი. არ მომწონს, რასაც ისინი ამ ქვეყანაში აკეთებენ. ადამიანი, რომელმაც მესისა და ნეიმარს გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალი დასდო, რატომღაც ფლორენტინო პერესის გვერდით აღმოჩნდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ეს პირი რონალდუსთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულად იქცევა. მოურინიოს ქმედებების გახსენებაც ღირს.
ყველაფრის მიუხედავად, ფეხბურთელებთან არავითარი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, გულახდილად ვსაუბრობ იმაზე, რასაც ვგრძნობ და ამას არ ვმალავ”, – პიკეს კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.