„რასისტი არ ვარ“
კვირას, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. „ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურმა ბანანის მსროლელი ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ გამართულ საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აუკრძალა. გარდა ამისა, გულშემატკივარს სპორტში რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მომუშავე ნაციონალური კომისიის წინაშე წარსდგომა მოუწევს, რის შემდეგაც შესაძლოა, სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდეს. კერძოდ, საუბარია ესპანეთის მასშტაბით ყველა სტადიონზე შესვლის აკრძალვასა და სოლიდურ ჯარიმაზე.
ბანანის მსროლელმა დანაშაული აღიარა და დანი ალვესს ბოდიში მოუხადა.
„რასისტი არ ვარ, იმპულსური მომენტი იყო“, – ციტირებს „ელ პაისი“ გულშემატკივრის სიტყვებს, რომელმაც დაამატა, რომ მომხდარის გამო დეპრესიაშია, სცხვენია.
ბექა დოგრაშვილი