რაული: „შესაძლოა, დელ ბოსკე 4-6-0 სქემას მიუბრუნდეს“
ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა რაული თვლის, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნომინალური ფორვარდის გარეშე ითამაშოს.
„დავიდ ვილიამ და ფერნანდო ტორესმა თავიანთ კლუბებში მთლად კარგად თავი ვერ წარმოაჩინეს. შესაძლოა, დელ ბოსკემ კვლავ მიმართოს 4-6-0 სქემას. თუ ეს გოლების გატანაში დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – მწვრთნელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა. ასეთია საფეხბურთო მწვრთნელისა და მოთამაშეების ბედი.
ტიტულის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ყველა ესპანელი გულშემატკივარი სვამს კითხვას, შეძლებს ესპანეთის ნაკრები ამ ამოცანის დაძლევას? დელ ბოსკე იცნობს თავის გუნდს და იცის, რომელი სათამაშო სქემა გამოადგება. პუიოლის არყოფნაში დაცვა უფრო სუსტი იქნება. დიეგო კოსტას მდგომარეობაც დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ტრავმის მიღებამდე საუცხოო ფორმაში იყო.
ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. არის ჩემპიონობის სხვა კანდიდატებიც, თუმცა ესპანეთი პირველ რიგში სახელდება. ბრაზილიის ნაკრები საკუთარ კედლებში ითამაშებს, რაც მათ თავდაჯერებას შემატებს. ბრაზილიელებს ამჯერად უფრო ძლიერი მცველები ჰყავს, ვიდრე შემტევები“, – განაცხადა რაულმა.