“რეალი”, “ბარსელონა” და კიდევ 2 კლუბი ესპანეთის მთავრობისგან უკანონო დახმარებას იღებდა
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ოთხი ესპანური საფეხბურთო კლუბი საგადასახადო შეღავათების სახით სახელმწიფო დახმარებას უკანონო გზით იღებდა.
2016 წელს ევროკომისიამ დაადგინა, რომ “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, პამპლონის “ოსასუნა” და ბილბაოს “ატლეტიკი” 1990 წლიდან ყოველგვარი ობიექტური მიზეზების გარეშე დარეგისტრირებულნი იყვნენ არაკომერციულ სპორტულ ორგანიზაციებად და სარგებლობდნენ საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, აღნიშნული კლუბებისთვის საგადასახადო განაკვეთი ჩვეულებრივზე 5 პროცენტით დაბალი იყო. “მარკას” ინფორმაციით, ეს მდგომარეობა 2016 წლამდე გრძელდებოდა.
აღნიშნულ კლუბებს ქვეყნის ბიუჯეტის ზარალის ანაზღაურება დაეკისრათ. საერთო ჯამში, ესპანეთის სამეფომ დაახლოებით ხუთი მილიონი ევროს ოდენობის თანხით იზარალა.
“ბარსელონამ” და “ატლეტიკმა” ევროკავშირის სასამართლოში გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და 2019 წლის თებერვალში მათი აპელაცია დაკმაყოფილდა. თავის მხრივ, ეს ფაქტი ევროკომისიამაც გაასაჩივრა და მიმდინარე წლის 4 მარტს ევროკავშირის სასამართლოს 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებულად გამოცხადდა.
დასაბრუნებელი თანხის ოდენობას ესპანეთის ხელისუფლება განსაზღვრავს.