“რეალში” ათი მეტრის წესი შემოიღეს
მადრიდის “რეალი” დამდეგი სეზონისთვის ემზადება. “სამეფო კლუბის” ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გუნდში თავის მეთოდებს ნერგავს. როგორც აღმოჩნდა, ესპანელი სპეციალისტი განსაკუთრებულ აქცენტს დაცვაში ორგანიზებულ თამაშზე აკეთებს.
ბენიტესმა გუნდში ახალი წესი დანერგა. ის თვლის, რომ ფეხბურთელები მჭიდროდ უნდა მოქმედებდნენ, ამიტომ სათამაშო ხაზებსა და მცველებს შორის მანძილი ათ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ბენიტესის აზრით, ამ დისტანციის დაცვა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სამოქმედო არეალს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს. გარდა ამისა, ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში, ცენტრალური ნახევარმცველების უკან ცარიელი ზონა არ უნდა დარჩეს.
ავსტრალიური ტურნეს დაწყებამდე ბენიტესმა გულდასმით შეისწავლა კარლო ანჩელოტის დროინდელი “რეალის” თამაში და შენიშნა, რომ წინა სეზონში გუნდის
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ხაზებს შორის წყვეტა და თავისუფალი ზონების გაჩენა იყო.
რაფა ბენიტესმა ათი მეტრის წესი ყველა გუნდში დაამკვიდრა, სადაც მუშაობდა. სპეციალური კომპიუტერული პროგრამაც კი შეიქმნა, რომელიც ფეხბურთელებს შორის საჭირო მანძილის დაცვას აკონტროლებს.