რივალდო: “ბარსელონას” გამო “რეალში” გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი”
“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ განაცხადა, რომ თავის დროზე რეალური შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კატალონიური გუნდიდან მადრიდის “რეალში” გადასვლაზე უარს არ იტყოდა.
“რონალდოსთან ერთად “რეალში” რომ მეთამაშა, მრისხანე წყვილი ვიქნებოდით. ჩვენ ეს ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის პირობებში დავამტკიცეთ. საკლუბო დონეზეც უფრო მეტად რომ შევთამაშებულიყავით, მომაკვდინებელი დუეტი გავხდებოდით. მცველებს ჩვენი შიში ექნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომელი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებდით.
იმ ზაფხულს (2002 წელი) რონალდო “რეალში” გადავიდა. მადრიდელებს ჩემ მიმართაც ჰქონდათ ინტერესი და დიდებული იქნებოდა, რონალდოსთან ერთად რომ მეთამაშა. “რეალს” “ბარსელონას” გამო უარს არ ვეტყოდი, თუმც კატალონიურ კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს საყვარელ ევროპულ გუნდად. იმ დროს უკლუბოდ ვიყავი, ვინაიდან შევთანხმდით, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებდით. ასე რომ, შემოთავაზებებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის უნდა გაანალიზო დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგად მესმის, რომ “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ლუიშ ფიგუს ანალოგიური ისტორია განმეორდებოდა, მაგრამ მადრიდულ კლუბში ჩემი გადასვლა არ შედგა.
სინამდვილეში “რეალში” გადასვლასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან მაშინ ჩემით “მილანი” იყო დაინტერესებული და ჩვენ შორის შეთანხმება სწრაფად მოხდა, მადრიდელებმა კი იტალიელებთან სატრანსფერო ბრძოლაში შესვლაზე უარი თქვეს და მეც ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია”, – რივალდოს კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.