რონალდო: “გეტყვით, რატომ დავტოვე თავის დროზე “ბარსელონა”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ 1997 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც “ბარსელონადან” მილანის “ინტერში” გადაბარგება მოუწია.
“კატალონიურ გუნდში მშვენიერი პერიოდი მქონდა, მაგრამ “ბარსელონას” დატოვება ჩემი ბრალი არ ყოფილა. სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შევთანხმდით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა და ადვოკატმა დაასკვნეს, რომ ჩვენი შეთანხმება აბსურდული იყო. გუნდი მზად იყო, ნებისმიერ კლუბში გავეყიდე, რომელიც ჩემს გამოსასყიდ თანხას — 29 მილიონ დოლარს გადაიხდიდა.
“ბარსელონაში” დღემდე ხდება საეჭვო გარიგებები. ამის კარგი მაგალითია ნეიმარის კონტრაქტთან დაკავშირებული სკანდალი. მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საქმეში ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ამ ამბის გამო ვიღაცას მძიმე საზღაური ელის”, – განაცხადა რონალდომ ESPN-ის ეთერში.