რონალდო “ვალიადოლიდის” პრეზიდენტი გახდა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ესპანური “ვალიადოლიდის” პრეზიდენტი გახდა. რონალდომ 30 მილიონ ევროდ კლუბის აქციათა 51 პროცენტი შეიძინა. ბრაზილიელმა პრეზიდენტის პოსტზე კარლოს სუარესი შეცვალა, რომელიც კლუბის სტრუქტურაში დარჩება.
“ჩემთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ეტაპი და პროცესი გამოვიარე და ვამაყობ, რომ დღეს აქ ვარ. ახალი მენეჯმენტი ოთხი სიტყვით განისაზღვრება: კონკურენტუნარიანობა, გამჭვირვალობა, რევოლუცია და საზოგადოება. კარლოს სუარესი კლუბში დარჩება.
გვინდა, რომ გუნდი მაქსიმალურად გავაძლიეროთ და უმაღლეს დონემდე ავიყვანოთ. ერთიანობაა საჭირო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მინდა, რომ პროცესში ყველა იღებდეს მონაწილეობას, იქნება ეს კლუბის წევრი თუ გულშემატკივარი. გვინდა იდეები, აზრები, კრიტიკა და იმედები – ყველაფერს თავისი როლი აქვს”, – აღნიშნა რონალდომ.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების საწყისი სამი ტურის შემდეგ “ვალიადოლიდს” აქტივში ორი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიცია უკავია.