რონალდუ: “უცხოპლანეტელი არ ვარ, თავს მუდამ ასი პროცენტით ვერ წარმოვაჩენ”
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული განმეორებითი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა. მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.
“ფანებს ბოდიშს ვუხდით, თუმცა მათ ახლაც მომღიმარი სახე უნდა ჰქონდეთ, რადგან “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.
ხანდახან ნაბიჯის უკან გადადგმაც შეიძლება იმისთვის, რომ შემდეგ ორი ნაბიჯით წინ წაიწიო. ამ სეზონში შანსებს პრიმერადივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვინარჩუნებთ.
“ატლეტიკოს” სანახაობრივი ფეხბურთი არ უჩვენებია, თუმცა მათ სათამაშო სტილს პატივი უნდა ვცეთ. დაცვითი მანერა ჰქონდათ არჩეული. “ატლეტიკო” სულ უფრო ძლიერდება, რაც ესპანური ფეხბურთისთვის კარგია.
ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში თამაშს გავაგრძელებ, თუმცა უცხოპლანეტელი არ ვარ და ყოველთვის ასი პროცენტით თავს ვერ წარმოვაჩენ”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Todomercadoweb-ი.