სამპაოლი: “ორი “ოქროს ბურთი” უნდა არსებობდეს: ერთი მესისთვის, მეორე დანარჩენებისთვის”
დღეს, “რამონ სანჩეს პისხუანზე” ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება: “სევილია” “ბარსელონას” მასპინძლობს. ანდალუსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ დამდეგი შეხვედრის წინ კატალონიელთა მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ვიცით, რომ წარმოუდგენლად რთული მატჩი იქნება. თუ სწორად არ ვიმოქმედებთ, დავმარცხდებით. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებთ და სრული კონცენტრაცია მოგვეთხოვება. თუ “ბარსელონასა” და “რეალის” დამარცხებას მოვახერხებთ, თავდაჯერებულობა მოგვემატება, მაგრამ თუ ასი პროცენტით არ დავიხარჯებით, ვერ გავიმარჯვებთ.
“სევილია” შესამჩნევად პროგრესირებს, მაგრამ ჩვენს მეტოქეს გუნდში ძალზედ სახიფათო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ინდივიდუალური ოსტატობით უმაღლეს დონეზე დგანან. “ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუ არა – საუკეთესო. ახლა კატალონიელები იმდენად აღარ არიან ბურთის ფლობაზე ორიენტირებულნი. ისინი ძალზედ მიზანდასახულად მოქმედებენ და მათი ამოცანა მდგომარეობას იმაში, რომ მესიმდე, სუარესამდე და ნეიმარამდე ბურთი სწრაფად მიიტანონ”, – სამპაოლის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.
“სევილიას” არგენტინელმა თავკაცმა კატალონიური გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის მისამართით საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“ორი “ოქროს ბურთი” უნდა არსებობდეს: ერთი მესისთვის, მეორე დანარჩენებისთვის”.
მატჩი “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.