სნაიპერი: “მე მოვკალი რონალდუ”
ესპანელ სანტიაგო სანჩეს რამირესს, მეტსახელად “სნაიპერს” უცნაური გამოხტომის გამო ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ესპანური El Confidencial-ის ცნობით, 2014 წელს რამირესი მადრიდის “რეალის” საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად სტუმრობდა და გუნდის ფეხბურთელებს ფარულად ფოტოებს უღებდა, რის შემდეგაც იგი სურათებზე აღბეჭდილ პირებს სნაიპერული ხედვის ნიშნებს ადებდა. რამირესმა ფოტოებზე კრიშტიანუ რონალდუ, გარეტ ბეილი, ისკო, მარსელო, სერხიო რამოსი, კარიმ ბენზემა, გუნდის ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დააფიქსირა. სნაიპერმა “მიზანში ამოღებული” პიროვნებების ფოტოები “რეალს” გაუგზავნა.
ამის შემდეგ “სამეფო კლუბმა” სამართალდამცავებს მიმართა. პოლიციამ რამირესი დააკავა. ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მათ შორის სნაიპერული შაშხანებიც არის. გარდა ამისა, ნაპოვნია სპორტის სხვადასხვა წარმომადგენელთა და სხვა ცნობილ პირთა, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრთა ფოტოები. ერთ-ერთ სურათზე თავად სნაიპერიც არის აღბეჭდილი იარაღით, თუმცა უცნობია, ვის უთვალთვალებდა რამირესი ფოტოზე დაფიქსირებულ მომენტში.
“მე მოვკალი კრიშტიანუ და პერესი და გაჩვენეთ, რომ უსაფრთხოების მხრივ სერიოზული ხარვეზებია. რაიმე ქმედების განხორციელებას არ ვაპირებდი. მე ამით კლუბის ხელმძღვანელობა გავაფრთხილე, რომ გუნდის საწვრთნელი ბაზაზე ნებისმიერ ტერორისტს შეუძლია გვერდი აუაროს უსაფრთხოების ზონებს და უმოკლეს დროში გაიტაცოს ადამიანები”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე რამირესმა.