იან რაიტი: “ობამეიანგს შანსებს არ უქმნიან, ასე არაფერი გამოვა”

ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, იან რაიტმა ინგლისის ლიგის თასის ფინალის (“არსენალი” 0-3 “მანჩესტერ სიტი”) შემდეგ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ფაქტორზე ისაუბრა.

“როდესაც ობამეიანგს უყურებ, ხედავ ნამდვილ ბომბარდირს, ადამიანს რომელსაც გოლების გატანა სწყურია, თუმცა მას შანსებს არ უქმნიან. ასე არ შეიძლება, არაფერი გამოვა.

ობამეიანგი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს მილიონჯერ ეხება. ის მეტოქის ზურგს უკან მოქმედებს. არაერთხელ გვინახავს თუ როგორი ეფექტურია ის ასეთ ფორმატში.

პრობლემა ის არის, რომ “არსენალი” ბოლომდე არ იბრძვის ბურთის მოსაპოვებლად და არც იმ ფეხბურთელზე ზრუნავენ, რომელიც თითქმის 60 მილიონი ფუნტი დაგვიჯდა,” – აცხადებს რაიტი.

“არსენალის” ლეგენდა ტეო უოლკოტს კლუბის დატოვებას ურჩევს

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, იან რაიტი “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე ტეო უოლკოტს “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებას ურჩევს და თვლის, რომ სხვაგან მას უკეთესი მომავალი ელის.

“ვფიქრობ, რომ უოლკოტისთვის უკეთესი იქნება, თუ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ის რაიმე სახის პროგრესის მიღებას შეძლებს, მითუმეტეს, თუ მხოლოდ თასისა და ევროპა ლიგის მატჩებში ითამაშებს.

ბუნებრივია, მას მაღალ ნოტაზე სურს “არსენალიდან” წასვლა, ეს კი სწორედ რომ შესაფერისი მომენტია. მას “არსენალისთვის” ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა ამას არ უნდა დასჯერდეს და სხვა გეგმებზე იფიქროს,” – აცხადებს იან რაიტი.

მიმდინარე სეზონში უოლკოტმა მხოლოდ რვა მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება და ამ დროის მანძილზე თავი სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

იან რაიტი: “არსენალში” ვენგერი ამ სპეციალისტმა უნდა შეცვალოს”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, იან რაიტი თვლის, რომ “ბარნლის” ამჟამინდელი თავკაცი, შონ დაიჩი ყველაზე მეტად შეეფერება “მეთოფეთა” სათამაშო სტილს.

“მჯერა, რომ დაიჩს წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, სხვაგვარად მომავალში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. მას ახალი გამოწვევები სჭირდება,”- აცხადებს რაიტი BBC-სთან საუბრისას.

“მან ისეთი კლუბი უნდა გაწვრთნას, რომელიც მუდმივად გამოდის ევროპულ სარბიელზე. მე მას “არსენალში”, ვენგერის შემცვლელად ვხედავ. მაგრამ საკითხავია, რამდენად მისცემენ კლუბის ხელმძღვანელები ასეთ შანსს,” – დაამატა რაიტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 7 ტურის შემდეგ “ბარნლის” ანგარიშზე 12 ქულაა და ამ დროისთვის მეშვიდე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.

იან რაიტი: “მატიჩი “არსენალს” უნდა ეყიდა”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და “მეთოფეებს” ვან დეიკის გადაბირებისკენაც მოუწოდა.

“როგორც ყოველთვის, “არსენალი” ვერ ახერხებს იმ ფეხბურთელის დამატებას, რომლებსაც ხალხი ამდენი ხნის მანძილზე ითხოვს. რაღაც მომენტში მათ ძალიან დასჭირდებათ ეს ფეხბურთელები და სირთულეები სწორედ მაშინ წარმოაჩენენ თავს.

სეზონის სტარტზე “ლესტერის”, “სტოკისა” და “ლივერპულის” წინააღმდეგ მოგვიწევს. წინასასეზონო მატჩები კი ფანტასტიკურად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, გაძლიერება გვჭირდება.

მე რომ მათ ადგილას ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი ვან დეიკის გადასაბირებლად.

რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ეს ფეხბურთელი ყველანაირად იყო მორგებული ლონდონს, რატომ უნდა წასულიყო “მანჩესტერ იუნაიტედში”, როდესაც “არსენალს” შეეძლო ლონდონში დაეტოვებინა,” – აცხადებს რაიტი.