“საბურთალომ” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში “კონკორდია” დაამარცხა (ვიდეო)

დედაქალაქურმა “საბურთალომ”, რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლეს ლიგელ “კონკორდიასთან” გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სამი ბურთი გავიდა. 50-ე წუთზე მეტოქე დაწინაურდა, თუმცა უკანასკნელ ათ წუთში საბურთალოელებმა ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს. 82-ე წუთზე გამთანაბრებელი გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა დღევანდელ შეხვედრაში თბილისელთა შემადგენლობაში. ტატანაშვილმა ძლიერი დარტყმით მეკარეს აუღებელი დაურტყა. მატჩის მიწურულს კი თავური დარტყმით ნადარაიამ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

დღევანდელ მატჩში ტატანაშვილის გარდა, პირველად მოირგეს კლუბის მაისურა გიორგი სომხიშვილმა და თორნიკე გორგიაშვილმა. ასევე დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში გიორგი ჯინჯოლავას, რომელიც გასულ სეზონში “საბურთალო”-2-ში ასპარეზობდა. გარკვეული პაუზის შემდეგ “საბურთალოს” შემადგენლობაში ითამაშა ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესმა. ასევე, კარგა ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდორს დაუბრუნდა სანდრო ალთუნაშვილიც, რომელიც მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარი კი მთლიანად საბურთალოელთა უპირატესობით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები ორჯერად ვარჯიშებზე არიან გადასულები და დიდი დატვირთვების ფონზე ითამაშეს, პირველი საკონტროლო მატჩიდან გამომდინარე, მთლიანობაში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები თურქეთში მორიგ შეხვედრას 25 იანვარს გამართავენ. მეტოქე, ასევე რუმინეთის უმაღლეს ლიგელი “სეპსი” იქნება.

საბურთალო (პირველი ტაიმი):
ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ვაგნერი, გვარაძე, ვოლკოვი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: სომხიშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, გრიგალაშვილი (ჯინჯოლავა 60), ნადარაია, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე, მალი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.